ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„თუ კვარამ ასე მთელი მატჩი წინ და უკან ირბინა...“ - რას ამბობს გრაციანი

„რომასა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ასევე, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ფრანჩესკო გრაციანიმ იტალიურ მედიასთან „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩზე ისაუბრა და ნეაპოლელთა თავკაცი ანტონიო კონტე გააკრიტიკა.

რას ამბობს გრაციანი:

„მე-12 ტურისთვის სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ასეთ „სიმჭიდროვეს“ არ ველოდი, მაგრამ ეს სასიამოვნო სიურპრიზია, რომელიც ჩემპიონატს უფრო საინტერესოს ხდის. არ ვიცი, შეძლებს თუ არა „ფიორენტინა“ ამ ტემპის შენარჩუნებას, მაგრამ ფავორიტებად მაინც „ინტერს“, „ნაპოლის“, „ატალანტას“ და „იუვენტუსს“ მივიჩნევ.

„ნაპოლის“ სირთულეები შემტევ ფაზაში? თუ კვარამ და პოლიტანომ წინ და უკან 80 მეტრი ირბინეს, დამაგვირგვინებელ ფაზაში სისხარტეს ვერ მოსთხოვ... ლუკაკუ ჯერ საუკეთესო ფორმაში არაა, რაც საერთო ჯამში ამცირებს „ნაპოლის“ შემტევ პოტენციალს, ამიტომ კონტეს აუცილებლად მოუწევს რაღაცის შეცვლა. არ ვიცი, დაიმატებს თუ არა კლუბი იანვარში ფორვარდს... მრჩება შთაბეჭდილება, რომ კონტე რაღაცას სწავლობს და მის რეაქციას უახლოეს ტურებში ვნახავთ. ფაქტია, რომ „ნაპოლის“ მეტი გოლის გატანა სჭირდება“.

Sofascore-ის მონაცემებით, ხვიჩა კვარაცხელიამ „ინტერის“ წინააღმდეგ საერთო ჯამში მოედანზე 11 კილომეტრი და 215 მეტრი დაფარა, აქედან 5 კმ და 751 მეტრი ჩვეულებრივი სირბილით, 1,411 კმ კი სპრინტით. დაფარული ტერიტორიის მაჩვენებლით, ქართველი შემტევი სერია A-ს მე-12 ტურში მე-5 საუკეთესო მოთამაშე იყო.

ქართველმა შემტევმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ინტერთან“ თამაშის შემდეგ ხვიჩა საქართველოს ნაკრებში გამოემგზავრა და ეროვნულ გუნდს შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საოცარი სამუშაო გასწია“ - კვარამ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი აღაფრთოვანა
„საოცარი სამუშაო გასწია“ - კვარამ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი აღაფრთოვანა