„ილია ყველგან სრულყოფილია“ | ჩარლზ ოლივეირას ინტერვიუ Marca-სთან
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ Marca-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. „და ბრონქსს“ შეკითხვა ილია თოფურიაზეც დაუსვეს და ბრაზილიელმა მებრძოლმა „ელ მატადორის“ მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„ჰოლოუეისა და თოფურიას ჩხუბამდე ვთქვი, რომ მათი სტილიდან გამომდინარე, ილიას მაქსის დანოკაუტება შეეძლო. თოფურიას ისეთი სტილი აქვს, რომ ოქტაგონზე ბევრს მოძრაობს და შესანიშნავი კრივით გამოირჩევა. ილიამ აჩვენა, რომ მართალი ვიყავი.
თოფურია, როგორც მებრძოლი, ძალიან მომწონს. ის ყველა კომპონენტში სრულყოფილია. ხელებში სერიოზული ძალა აქვს, ფეხებითაც ძლიერად ურტყამს და ძალიან, ძალიან სახიფათოა. სწორედ ამიტომ, იმსახურებს ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში და კარიერაში ხდება.
არის თუ არა ილია UFC-ის ახალი სახე? თოფურია ახალგაზრდა ბიჭია და ბევრი შანსი აქვს, რათა წარმატებულ გზაზე სიარული გააგრძელოს. თოფურია ჩხუბებს კარგად ყიდის, რადგან ლაპარაკი უყვარს და შემდეგ საკუთარ სიტყვებს ქმედებებით ამყარებს“.
ცნობისთვის, ოლივეირა მომდევნო ჩხუბს UFC 309-ზე გამართავს და მაიკლ ჩენდლერს დაუპირისპირდება.