დანაკლისი უკრაინის ნაკრებში | საქართველოსთან დოვბიკის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მომდევნო შეხვედრას ერთა ლიგაზე გამართავს. 16 ნოემბერს, თბილისის დროით, 21:00-ზე, „ჯვაროსნები“ უკრაინას დაუპირისპირდებიან და მატჩს „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს.
უკრაინული პრესის ინფორმაციით, საქართველოსთან თამაში შესაძლოა, „ლურჯ-ყვითლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არტემ დოვბიკმა გამოტოვოს. „რომას“ თავდამსხმელი მუხლმა შეაწუხა და თურქეთში გამგზავრებამდე, სადაც უკრაინა მოსამზადებელ შეკრებას გადის, ტესტები ჩაუტარდა.
გამოკვლევებს სერიოზული დაზიანება არ გამოუვლენია, მაგრამ „ლურჯ-ყვითლების“ სამედიცინო შტაბი რისკების მაქსიმალურად შემცირებას გეგმავს. ისინი დოვბიკის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებენ, შემდეგ „რომას“ ექიმებთან კონსულტაციებს გაივლიან და შეთანხმდებიან, დოვბიკი ნაკრებში დატოვონ თუ რომში დააბრუნონ.
შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, საქართველოს 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფება. უკრაინა 4 ქულით ბოლოზეა, პირველ პოზიციას კი ჩეხეთი იკავებს, რომელსაც „ლურჯ-ყვითლებთან“ მატჩის შემდეგ დავუპირისპირდებით.