შენგელიას 20 ქულა - რეალთან საუკეთესო იყო
კალათბურთში, ევროლიგის მე-9 ტურში მადრიდის „რეალმა’’ შინ „ვირტუს ბოლონიას’’ მოუგო - 98:86.
„ვირტუს ბოლონიას’’ სასტარტო ხუთეულში თორნიკე შენგელიამ ითამაშა, ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, 24:54 წუთში 20 ქულა ჩააგდო, 5 მოხსნა და 2 პასი შეასრულა. ასევე 20 ქულაა „რეალის’’ ხორვატი კალათბურთელის, მარიო ჰეზონიას ანგარიშზეა. ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა სწორედ შენგელიასა და ჰეზონიას აქტივშია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 33 წლის კაპიტანი კარგ ფორმაშია, იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში „ვარეზესთან'' მოგებულ მატჩში მის ანგარიშზე 24 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო, საუკეთესო სტატისტიკა თავის გუნდში.
ევროლიგაში „ვირტუს ბოლონიამ’’ 9-დან მხოლოდ 2 შეხვედრა მოიგო, 7 დათმო. მე-10 ტურში „ვირტუს ბოლონია’’ „პანათინაიკოსს’’ მიიღებს (15 ნოემბერი).