4 გოლი ბოლო ხუთ მატჩში - ლორთქიფანიძის შედეგიანი თამაში იტალიაში
იტალიის სერია D-ში, რანგით მე-4 ლიგაში, კლუბ „რავენაში’’ ქართველი ფეხბურთელი დავით ლორთქიფანიძე თამაშობს, რომელმაც ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით შთამბეჭდავად „პიაჩენცასთან’’ ითამაშა, „რავენამ’’ შინ 3:0 მოიგო, ლორთქიფანიძემ დუბლი და საგოლე პასი შეასრულა.
„რავენა'' საინტერესო კლუბია, ვიცე-პრეზიდენტი ლეგენდარული არიედო ბრაიდაა, რომელიც „მილანში'' კახა კალაძესთან და „კრემონეზეში'' ლუკა ლოჩოშვილთან მუშაობდა. ბრაიდა 1986-2002 წლებში „მილანის'' აღმასრულებელი დირექტორი იყო, შემდეგ კი მილანურ კლუბში სპორტული დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა, 2002-2013 წლებში. მოკლედ, მილანური კლუბის დიდი წარმატებების მონაწილეა.
„რავენას’’ მთავარი მწვრთნელი მარკო მარკიონია, რომელმაც იტალიის ეროვნულ ნაკრებში 2003-09 წლებში 6 მატჩი ჩაატარა, 2002 წელს „პარმასთან’’ ერთად იტალიის თასი მოიგო, 2007 წელს „იუვენტუსთან’’ ერთად - სერია B.
23 წლის დავით ლორთქიფანიძე შემტევი სტილის ცენტრალური ნახევარმცველია, საქართველოს 17, 18 და19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ასაკობრივ ნაკრებებში ეროვნული ნაკრების ბევრ მოქმედ ფეხბურთელთან ერთად უთამაშია. მათ შორის არიან ხვიჩა კვარაცხელია, ანზორ მექვაბიშვილი და ზურიკო დავითაშვილი. გარკვეული პერიოდი სერია B-ს „პადოვაში'' ირიცხებოდა, ბოლო წლებში სერია D-ში გამოდის.
დავითის უმცროსი ძმა, დაჩი ლორთქიფანიძე „კრემონეზეს'' 20-წლამდე გუნდის კაპიტანია, მიმდინარე თვეში რამაზ სვანაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში გამოიძახა.