ბორჯღალოსნები | მეექვსედ იტალიასთან
2024 წლის შემოდგომის ერთა სერიების ფარგლებში, ბორჯღალოსნები 17 ნოემბერს, იტალიას გენუაში ერკინებიან.
ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაში, ეს ორივე გუნდისათვის მეორე თამაშია. გასულ კვირას ბორჯღალოსნები საფრანგეთში, მონპელიეში ოლ ბლექს XV-ს ეთამაშნენ (13:31), ხოლო იტალიელებმა უდინეში არგენტინას უმასპინძლეს და 18:50 დამარცხდნენ.
ბორჯღალოსნებისა და იტალიის შეხვედრა „ლუიჯი ფერარიზე“ ჩვენი დროით, 17:40 საათზე დაიწყება. „ლუიჯი ფერარი“ 1911 წელს გაიხსნა და ის 33 205 მაყურებელს იტევს.
აქამდე საქართველოს იტალიის წინააღმდეგ 5-ჯერ უთამაშია, საიდანაც მეტოქემ პირველი ოთხი მოიგო. პირველად „აძურას“ ჩვენი გუნდი 1998 წელს ლაკვილაში ეწვია და მასპინძლებმა მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში 31:14 გაიმარჯვეს.
2000 წელს, ბორჯღალოსნებმა იტალიასთან ტესტ-მატჩი ლივორნოში გამართეს (51:7), ხოლო 2003 წლის მსოფლიო თასამდე მას ასტიში ეთამაშნენ. (31:22).
ამის შემდეგ ჩვენი გუნდი იტალიელებთან ტესტს 15 წლის განმავლობაში ელოდა და მათ მეოთხედ 2018 წელს ფლორენციაში შეხვდა - გამარჯვება ამჯერადაც მასპინძლებს დარჩა ანგარიშით 28:17.
2022 წელს „აძურა“ პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ბათუმში ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 3 ლელო გაუტანეს, თავად მხოლოდ ერთი გაუშვეს და 28:19 გაიმარჯვეს. ეს იყო პირველი გამარჯვება არა მხოლოდ იტალიასთან, არამედ ზოგადად ტიერ1-ის გუნდთან.
მთლიანობაში, საქართველომ იტალიას ამ 5 თამაშში გაუტანა 8 ლელო და 88 ქულა, თავად კი 20 ლელო და 160 ქულა მიიღო.
წყარო: Rugby.ge