კიტეიშვილი ბუნდესლიგაში? - შესაძლოა, შიკერმა ამ გეგმაზე ზამთარში იმუშავოს
„ჰოფენჰაიმი’’ კრიზისშია, ბუნდესლიგაში გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს, პრობლემებს ცვლილებები მოჰყვა. ოქტომბერში „შტურმის’’ სპორტული დირექტორი ანდრეას შიკერი ავსტრიული კლუბიდან წამოვიდა და „ჰოფენჰაიმის’’ მმართველი სპორტული დირექტორი გახდა.
შიკერის „ჰოფენჰაიმში’’ დანიშვნის ალბათობა გასული სეზონის შემდეგაც იყო, თუმცა მაშინ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, ახლა სხვა ვითარებაა.
CrystalSport-ის ინფორმაციით, თუ „შტურმის’’ იმდროინდელი სპორტული დირექტორი ანდრეას შიკერი ზაფხულში „ჰოფენჰაიმში’’ გააგრძელებდა მუშაობას, ასეთ შემთხვევაში შიკერს კიტეიშვილის „ჰოფენჰაიმში’’ წაყვანის დიდი სურვილი ჰქონდა, შიკერის გეგმა ქართველი ფეხბურთელის „ჰოფენჰაიმში’’ გადაყვანა ნამდვილად იყო, თუმცა რადგან მაშინ შიკერი „სოფლელებს’’ ვერ შეუთანხმდა, ზაფხულში ეს ვარიანტი გამოირიცხა, მაგრამ ვითარება ახლა შეიცვალა, გერმანული კლუბის საქმეები ცუდად წავიდა, პრობლემების გადასაჭრელად შიკერი მიიწვიეს, მაღალ პოზიციაზე დანიშნეს და შესაძლოა მალე „ჰოფენჰაიმის’’ მთავარ მწვრთნელად „შტურმის’’ მოქმედი მთავარი მწვრთნელი კრისტიან ილცერი ვიხილოთ. შიკერს მისი გეგმის ერთ-ერთი ნაწილის შესრულება ახლა შეუძლია და ეს სწორედ ილცერის „სოფლელებში’’ დანიშვნას გულისხმობს. ავსტრიული და გერმანული წყაროების ცნობით, მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია.
თუ მოკლევადიან პერიოდში შიკერის მუშაობა „ჰოფენჰაიმში’’ წარმატებული გამოვიდა, დიდია იმის ალბათობა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ანდრეას შიკერმა, რომელიც ქართველ ფეხბურთელს ძალიან კარგად იცნობს, ენდობა და მისი შესაძლებლობები იდეალურად იცის, კიტეიშვილის შეძენა ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაისახოს და ის მიზანი შეასრულოს, რაც გასულ ზაფხულში ჰქონდა: თუ „ჰოფენჰაიმში’’ დაინიშნებოდა, კიტეიშვილი უნდა წაეყვანა. ამ ეტაპზე გათვლების გაკეთება რთულია, მაგრამ თუ შიკერი ნაყოფიერად იმუშავებს და კლუბი კრიზისიდან ამოვა, კიტეიშვილის ბუნდესლიგაში ხილვა ძალიან რეალური იქნება.
ასევე გეტყვით, რომ გასულ ზაფხულში კიტეიშვილს „შტურმთან'' კონტრაქტის ვადა ამოეწურა, თუმცა ახალი კონტრაქტი გააფორმა (2026 წლის 30 ივნისამდე), რადგან უფრო საინტერესო წინადადებებით სხვა კლუბს არ მიუმართავს. გარდა ამისა, კარიერაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, რაც დიდი გამოცდილებაა და ახალი კონტრაქტის გაფორმებისას მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.
მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა „შტურმს'' 8 შეხვედრაში უკაპიტნა, ბუნდესლიგის 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის სამ და ავსტრიის თასის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 2018 წლიდან კიტეიშვილი „შტურმის'' ფეხბურთელია, ყველა ტურნირის ჩათვლით ავსტრიულ კლუბში 203 მატჩი ჩაატარა, 46 გოლი შეაგდო და 35 საგოლე პასი შეასრულა.
ბოლოს კი ვილი სანიოლის კომენტარს გთავაზობთ ოთარ კიტეიშვილზე, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ 28 წლის ნახევარმცველი გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატსა თუ კლუბში თამაშს იმსახურებს. ვილი სანიოლს კიტეიშვილზე სექტემბერში ჩეხეთთან მოგებული თამაშის შემდეგ ვკითხე. ევრო 2024-ზე ჩეხეთთან ბურთის კონტროლი და შეტევების განვითარება ძალიან გაგვიჭირდა, სექტემბერში კი ივან ჰაშეკის გუნდს აშკარად ვაჯობეთ. კითხვა ასე დავასრულე: იყო თუ არა კიტეიშვილი მთავარი ფაქტორი, რატომაც თბილისში განსხვავებული თამაში ვაჩვენეთ ?
ვილის პასუხი: “სრულიად გეთანხმებით, 100 პროცენტით, მთავარი ფაქტორი იყო, მეტსაც გეტყვით, კიტეიშვილი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. მას როგორც ტოპ ლიგაში, ასევე ტოპ კლუბში თამაში შეუძლია. როცა ევრო 2024-ზე თამაშობდა, ყველაფერი კარგად იყო. როცა გვაკლდა, თამაში ძალიან გვიჭირდა. მისი ფუნქცია რთულად შესასრულებელია. თავის ფუნქციებს იდეალურად ასრულებს, ბრილიანტია''.
ფოტოზე ოთარ კიტეიშვილი ანდრეას შიკერთან ერთად