ოფიციალურად - სანიოლი ნაკრებს 2028 წლამდე გაწვრთნის
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვილი სანიოლთან ხელშეკრულება 2028 წლამდე გაახანგრძლივეს.
ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.
„საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი კონტრაქტის თანახმად ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს“.
- ვკითხულობთ განცხადებაში.
„მას შემდეგ, რაც ერთი ლამაზი ისტორია უკვე დავწერეთ, კიდევ ერთი მსგავსი ისტორიის დაწერა შეგვიძლია ახალ პროექტად მივიჩნიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეგვიძლია და მსურს ამის ნაწილი ვიყო. საქართველოში თავს ბედნიერად ვგრძნობ და რაიმეს შეცვლის მიზეზი არ მქონია. საქართველოს ნაკრები უკვე ანგარიშგასაწევი გუნდია ევროპაში და ამას უნდა მივეჩვიოთ. კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დონის გაუმჯობესება. გვსურს იმ გამოცდილების კიდევ ერთხელ გაზიარება, რომელიც გასულ ზაფხულს არა მხოლოდ გუნდმა, არამედ მთელმა ქვეყანამ მიიღო".
- ამბობს ვილი სანიოლი.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კომენტარი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც გააკეთა:
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. ნაყოფიერი პერიოდი გვაქვს ვილი სანიოლთან ერთად და ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. მინდა მადლობა გადავუხადო მას და დარწმუნებული ვარ, მომავალში, საქართველოს ნაკრებთან ერთად კიდევ უფრო მეტი შედეგს მიაღწევს".
აქვე გეტყვით, რომ ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის თებერვლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 42 მატჩი ჩაატარა, 20 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 16-ჯერ დამარცხდა. ფრანგი სპეციალისტის სახელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან მისმა გაწვრთნილმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად შეძლო და 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.
და ბოლოს, 2025 წლიდან ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის წილისყრა13 დეკემბერს გაიმართება.