ცნობილი ბრიტანული გამოცემა Anfield Index-ი „ლივერპულის“ ახალი თავკაცის, არნე სლოტის შესახებ წერს და შეცვლებთან დაკავშირებით მის მიერ დანერგილ სიახლეებს უსვამს ხაზს.
არნე სლოტის „ლივერპულმა“ მიმდინარე სეზონში მთელი ევროპის ყურადღება მიიპყრო: გუნდი არა მხოლოდ პრემიერლიგაში, არამედ ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილშიც ლიდერობს და მთავარი ევროტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტიდან მთავარ ფავორიტად იქცა. სლოტის გუნდი ეფექტურად ამთავრებს მატჩებს, რაშიც დიდი წვლილი შეცვლებთან დაკავშირებით ნიდერლანდელი სპეციალისტის მიერ დანერგილ ტაქტიკას მიუძღვის.
შეცვლების ფილოსოფია
ამ სეზონში „ლივერპულმა“ 70 შეცვლა განახორციელა, საიდანაც 57 დაცვის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ნიდერლანდელ სპეციალისტს მოედანზე გამოჰყავს ფეხბურთელები, რომელთა ამოცანაც „მატჩის დასრულებაა“ და ისინი ამას წარმატებით ართმევენ თავს.
ჯო გომესისა და ვატარუ ენდოს მსგავსი ფეხბურთელებს საკვანძო როლები ენიჭებათ. გომესი „სუპერშემცვლელად“ იქცა და „მილანსა“ და „ჩელსისთან“ მატჩებში მოედანზე შესვლისთანავე დაცვით ხაზს მეტი სტაბილურობა შემატა. თავის მხრივ, ენდო სლოტის გუნდისთვის ერთგვარი ფარია, რომელიც გუნდს სასურველი შედეგის შენარჩუნებაში ეხმარება. „არსენალის“ წინააღმდეგ სლოტმა ის მოედანზე 91-ე წუთზე შეუშვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ზემოაღნიშნულს: სლოტმა იცის, რომ ენდო სასურველ ანგარიშს შეუნარჩუნებს.
ტრავმების პრევენცია
დეტალებისადმი სლოტის ყურადღება მხოლოდ ტაქტიკურ დატვირთვას არ ატარებს, მისი კიდევ ერთი დანიშნულება ტრავმების პრევენციაა. გასულ სეზონებში „ლივერპულს“ ტრავმების ეპიდემიამ გადაუარა, სლოტმა კი ამ პრობლემასთან გამკლავება დაისახა მიზნად. ფიზმომზადების მწვრთნელ რუბენ პეეტერსთან ერთად სლოტმა შეიმუშავა შეცვლების მოდელები, რომლებიც ფეხბურთელებს გადაღლილობისგან იცავს. ამ მიდგომის ფარგლებში გახშირდა მოჰამედ სალაჰის შეცვლებიც.
სლოტის მიდგომა ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების სათამაშო დროის კონტროლსაც ითვალისწინებს. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს, რომელსაც დიდი სათამაშო დრო ეძლეოდა როგორც ლივერპულში, ასევე ინგლისის ნაკრებში, სლოტი ხშირად ცვლის, მათ შორის მაშინაც კი, როდესაც ფეხბურთელი ამით უკმაყოფილოა. სლოტის აზრით, მნიშვნელოვანია ტრავმების თავიდან აცილება, ხოლო შემადგენლობის როტაცია ხშირად რამდენიმე კვირით ადრე იგეგმება.
შეტევაში შეცვლების მიზანი
მიუხედავად იმისა, რომ დაცვითი ხასიათის შეცვლებს მედიის მხრიდან უფრო მეტი ყურადღება ეთმობა, შეტევაში სლოტის მიერ განხორციელებული შეცვლები არანაკლებ მნიშვნელოვანია. „ბრაიტონთან“ მატჩი „ლივერპულმა“ კერტის ჯონსისა და დომინიკ სობოსლაის გამოსვლის შემდეგ შემოატრიალა. პერსონალიებზე აქცენტის გაკეთების ნაცვლად, სლოტმა შეცვლების საშუალებით გუნდის კოლექტიური ფიზიკური ფორმა გააუმჯობესა, რის შედეგადაც მეორე ტაიმში აჩქარებების ინტენსივობა საგრძნობლად გაიზარდა. კოლექტივზე გაკეთებული აქცენტი კიდევ ერთხელ მიუთითებს სლოტის ფილოსოფიაზე: შეტევაში განხორციელებული შეცვლებიც კი გარკვეულ ტაქტიკურ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს.
შეჯამება
არნე სლოტის შეცვლები მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს იმაში, თუ როგორ ახერხებს „ლივერპული“ მატჩების გაკონტროლებას. განაპირა მცველებისა და საყრდენი ნახევარმცველების სისტემატური შეცვლებით სლოტი უზრუნველყოფს იმას, რომ გუნდი მაღალ ინტენსივობას მატჩის ბოლო წუთებზეც შეინარჩუნებს.
სლოტის მიღწევებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მთავარს დაცვაში ორგანიზებული თამაში და გამძლეობა წარმოადგენს. სხვადასხვა ტურნირზე გამართულ 24 მატჩში „ლივერპულმა“ 72-ე წუთის შემდეგ არც ერთი გოლი არ გაუშვა, რაც მიუთითებს იმაზე, თუ როგორ აძლიერებს გუნდს სლოტის შეცვლები. კლოპის ბოლო სეზონს თვალწარმტაცი ქაოსის მომენტები ახასიათებდა, თუმცა სლოტმა ეს გაანგარიშებული მიდგომით შეცვალა, რომელსაც თითქმის ყოველთვის შედეგი მოაქვს.