„მერაბს ალბათ ფიგერედოს აჩხუბებენ...“ - უმარ ნურმაგომედოვი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის მეორე ნომერმა, უმარ ნურმაგომედოვმა რუსულ გამოცემა „სპორტექსპრესთან“ ამავე წონის ჩემპიონზე, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა.
უმარი ამბობს, რომ რამადანის დასრულების შემდეგ მერაბთან ქამრისთვის ჩხუბი სურს, მაგრამ თუ UFC დვალიშვილს სხვა მეტოქეს შეურჩევს, მაშინ ნურმაგომედოვი მზადაა, რამადანის დაწყებამდე სონგ იადონგთან იჩხუბოს.
რა თქვა უმარმა:
„ველოდები, რას იტყვის UFC. ორი ვარიანტი მაქვს - თუ ქამრისთვის მაჩხუბებენ, მაშინ ეს რამადანის შემდეგ იქნება [რამადანი 2025 წლის 30 მარტს დასრულდება]. თუ ქამრისთვის ჩხუბი არ იქნება, მაშინ მინდა რამადანამდე, იანვარში ვიჩხუბო. დვალიშვილთან ჩხუბი რამადანამდე არ იქნება. რატომ? ეს მას უნდა კითხოთ, ეს ჩემი მხრიდან უარს არ უკავშირდება, მე თანახმა ვარ.
თუ მერაბს სხვა ჩხუბი ჩაუნიშნეს, მე იანვარში მინდა ჩხუბი, იმიტომ რომ მერაბის ლოდინს არ ვაპირებ. თუ ის მარტში სხვასთან იჩხუბებს, მერე წლის ბოლომდე აღარ შემხვდება. მის ლოდინს აზრი არ აქვს, ეს დიდხანს გაიწელება, მე კი უსაქმოდ ყოფნა არ მსურს.
ომალისთან მერაბს აღარ აჩხუბებენ, ამას არანაირი აზრი არ აქვს. შეიძლება აჩხუბონ ფიგერედოს, თუ ის პიოტრ იანს მოუგებს. ის ექსჩემპიონია და ამ ბრძოლას აქვს რაღაც გამართლება, მაგრამ ჯერ ფიგერედომ იანს უნდა მოუგოს. თუ იანმა მოიგო, მას მერაბს არ შეახვედრებენ, იმიტომ რომ მათი წინა ჩხუბი „ცალკარა“ იყო. ვნახოთ, რას მეტყვის UFC. მე მზად ვარ, იანვარში სონგ იადონგს ვეჩხუბო, და ასევე მზად ვარ, რამადანის შემდეგ ქამრისთვის ვიჩხუბო“.
შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვს 14 დეკემბერს სონგ იადონგთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ, უმარის თქმით, იადონგი ტრავმირებულია და ამის გამო დეკემბერში დაგეგმილი ბრძოლა ვერ შედგება. თუმცა, როგორც სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილმა დაწერა, ბრძოლაზე უარი არა იადონგმა, არამედ ნურმაგომედოვმა თქვა.
მანამდე UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ მერაბის მომდევნო მეტოქე სწორედ დაუმარცხებელი უმარ ნურმაგომედოვი (18 მოგება, 0 მარცხი) უნდა იყოს.