„საოცარი სამუშაო გასწია“ - კვარამ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი აღაფრთოვანა
„რომასა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ასევე, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ფრანჩესკო გრაციანიმ იტალიურ მედიასთან „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.
რას ამბობს გრაციანი:
„ჩემი აზრით, „ნაპოლიმ“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა ისეთი დიდი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „ინტერია“. მათ საოცარი თავდადება აჩვენეს. კარგი შოუ არ ყოფილა, რადგან ერთმანეთს ორი ისეთი გუნდი დაუპირისპირდა, რომელიც დაცვაში მეტ-ნაკლებად თანაბრად თამაშობს, მაგრამ „ნაპოლის“ მოედანი ძალიან კარგად ეჭირა. როდესაც „ინტერი“ უტევდა, „ნაპოლის“ ნახევარზე 10 კაცი იყო და ასევე პირიქით, როდესაც კონტეს გუნდი უტევდა, „ინტერი“ თავს 10 კაცით იცავდა. ფიზიკური თვალსაზრისით, ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იყო. კვარაცხელიამ და პოლიტანომ საოცარი შრომა გასწიეს - წინ და უკან სისტემატურად 80 მეტრს დარბოდნენ, აქამდე ასეთი თავდადებით წინ და უკან სირბილი არ მინახავს. კვარამ დაცვაში უშეცდომოდ ითამაშა, მეტოქეს დროს არ აძლევდა და სივრცეებს უზღუდავდა, „ინტერმა“ კი გოლი ერთი გაპარული უზუსტობის შედეგად გაიტანა“.
Calcionapoli24 ცნობილი სტატისტიკური პორტალის, Sofascore-ს მონაცემებს დაეყრდნო. მათი ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ „ინტერის“ წინააღმდეგ საერთო ჯამში მოედანზე 11 კილომეტრი და 215 მეტრი დაფარა, აქედან 5 კმ და 751 მეტრი ჩვეულებრივი სირბილით, 1,411 კმ კი სპრინტით. დაფარული ტერიტორიის მაჩვენებლით, ქართველი შემტევი სერია A-ს მე-12 ტურში მე-5 საუკეთესო მოთამაშე იყო.
Sofascore-ს ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელიამ „ინტერის“ წინააღმდეგ თავისი გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო - 7.5 ქულა, ორივე გუნდიდან კი მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ ნიკოლო ბარელას ერგო - 7.9 ქულა.
ქართველმა შემტევმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ინტერთან“ თამაშის შემდეგ ხვიჩა საქართველოს ნაკრებში გამოემგზავრა და ეროვნულ გუნდს უახლოეს საათებში შეუერთდება.