ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაუ, ნიკო უილიამსი, დეკუ
Aa
Aa

Sport: ბარსა განსხვავების შემქმნელი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს

„ბარსელონა“ მომდევნო სატრანსფერო ფანჯრებისას შეტევის გაძლიერებას შეეცდება. კლუბს განსხვავების შემქმნელი გარემარბის გაფორმება სურს. კლუბს ეს გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა ფინანსურად ამის საშუალება არ ჰქონდათ. ამჯერად კი Nike-თან ისტორიული და რეკორდული კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, „ბლაუგრანას“ ახალი მოთამაშეების გაფორმების მეტი შანსი ექნება.

ესპანური Sport-ი წერს, რომ ამჟამად „ბარსას“ რადარზე შემდეგი ფეხბურთელები არიან: რაფა ლეაუ, ნიკო უილიამსი, მუჰამედ სალაჰი, ხვიჩა კვარაცხელია და ლეროი ზანე. კლუბი ხსენებული გარემარბებიდან მინიმუმ 1 მათგანის გაფორმებას შეეცდება.

„ნიკო უილიამსს „ბარსელონა“ გასული ზაფხულის შემდეგ აკვირდება. კლუბს მის მიმართ ინტერესი ახლაც აქვს, თუმცა მისი ტრანსფერი დღის წესრიგში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ ნიკოს გამოსასყიდი თანხა არ გაიზრდება. ამჟამად ესპანელი გარემარბის გამოსყიდვა დაახლოებით 60-65 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი. „ბილბაოს“ ამ თანხის 100 მილიონამდე გაზრდა სურდა, ამხელა თანხას კი კატალონიელები არ გადაიხდიან.

რაც შეეხება ლეაუს, პორტუგალიელი „ბარსელონაში“ დიდი ხანია მოსწონთ და მის ირგვლივ არსებულ ვითარებას აკვირდებიან. ამჟამად რაფას „როსონერის“ მთავარ მწვრთნელთან პაულო ფონსეკასთან კონფლიქტი აქვს. თუ, ფეხბურთელი გუნდის შეცვლას თავად გადაწყვეტს, „ბარსა“ მის გაფორმებაზე იმუშავებს, მაგრამ დიდი შანსია, რომ „მილანმა“ მის სანაცვლოდ ასტრონომიული თანხა მოითხოვოს. კატალონიელებმა იციან, რომ პორტუგალიელს „კამპ ნოუზე“ თამაშის სურვილი აქვს და იმედი აქვთ, რომ ეს ფაქტი სატრანსფერო ფასზე გავლენას მოახდენს.

კიდევ ერთი გარემარბი, რომელიც ბევრს მოსწონს, ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ. ქართველი ფეხბურთელი ნაპოლისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობს. კლუბმა შესაძლოა მისი გაყიდვა გადაწყვიტოს, რათა თავიდან აირიდოს ოსიმენის შემთხვევაში მომხდარი კონფლიქტი, თუმცა დე ლაურენტისთან მოლაპარაკება ძალიან რთულია.

და ბოლო ორი ვარიანტი, რომლებიც შესაძლოა ბლაუგრანამ უფასოდ დაიმატოს: მოჰამედ სალაჰი და ლეროი ზანე. სეზონის ბოლოს ორივე მათგანი თავისუფალი აგენტი ხდება, მაგრამ მათ შემთხვევაში მაღალ ანაზღაურებასთან გვაქვს საქმე". - წერს ესპანური გამოცემა.

„ბარსას“ სპორტულ დირექტორს დეკუს უფრო მეტად აქცენტი მარცხენა გარემარბებზე აქვს, რადგან მარჯვენა ფლანგზე ლამინ იამალი ხელშეუხებელია და მის პოზიციაზე ვარსკვლავის ყიდვა კლუბის მხრიდან ცოტა გაუგებარი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკუნის კონტრაქტი Nike-თან - ბარსა რეკორდულ შემოსავალს მიიღებს
საუკუნის კონტრაქტი Nike-თან - ბარსა რეკორდულ შემოსავალს მიიღებს