უფროსი ძმის კვალდაკვალ - დორტმუნდი ჯობ ბელინგემს უმიზნებს
ჯუდ ბელინგემის უმცროსმა ძმამ, ჯობ ბელინგემმა შესაძლოა კარიერა დორტმუნდის „ბორუსიაში“ გააგრძელოს. ბრიტანული The Sun-ია ინფორმაციით, „დორტმუნდს“ ჯუდის გაყიდვიდან ორი წლის თავზე ჯობის შეძენაც სურს, ხოლო „შავი კატები“ უმცროსი ბელინგემის სანაცვლოდ 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ.
„ბირმინგემიდან“ „სანდერლენდში“ გადასვლის შემდეგ ჯობ ბელინგემმა 60 მატჩში 9 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამჟამად მისი გუნდი ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილის ლიდერია და 2017 წელს დაქვეითების შემდეგ კვლავ პრემიერლიგაში დაბრუნებას უმიზნებს.
ჯერჯერობით უცნობია, მივა თუ არა საქმე რეალურ მოლაპარაკებებამდე, მაგრამ 19 წლის ჯობს „დორტმუნდში“ კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა ხიბლავს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მომდევნო სეზონში ჯობ ბელინგემის „სანდერლენდში“ დარჩენის ალბათობა ძალიან დაბალია.
შეგახსენებთ, რომ ჯუდ ბელინგემი 2020 წელს, 17 წლის ასაკში „ბირმინგემიდან“ „დორტმუნდში“ გადავიდა, ხოლო გერმანულმა კლუბმა ის 2023 წელს მადრიდის „რეალში “ დაახლოებით 115 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდა, სადაც სადებიუტო სეზონში ინგლისელმა „სამეფო კლუბს“ ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, უეფას სუპერთასი და ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა.