პეპ გუარდიოლა, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

გუარდიოლა სელესაოში? | რას ამბობენ ბრაზილიაში

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ (CBF) უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ისინი პეპ გუარდიოლას ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე იწვევენ.

CBF-ის პრეზიდენტის, ედნალდო როდრიგეშის განცხადებით, გუარდიოლასთან არანაირი კონტაქტები არ ყოფილა და ბრაზილიური ფეხბურთის მმართველები სრულად ენდობიან „სელესაოს“ ამჟამინდელ თავკაც დორივალ ჟუნიორს.

„გუარდიოლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, თუმცა მასთან დაკავშირებით არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი დორივალ ჟუნიორია“, - განაცხადა როდრიგეშმა.

მანამდე ავტორიტეტულმა გამოცემა The Athletic-მა დაწერა, რომ გუარდიოლა შესაძლოა ინგლისში კიდევ ერთი წლით დარჩეს, რის შემდეგაც ბრაზილიაში ჩავა და ამ ქვეყნის ნაკრებს 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოამზადებს.

აღსანიშნავია, რომ დორივალ ჟუნიორის თავკაცობით „კანარინიამ“ 12 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. კოპა ამერიკაზე „სელესაო“ მეოთხედფინალში ურუგვაის ნაკრებთან დამარცხდა, ხოლო 2026 წლის მუნდიალის შესარჩევში ასპარეზობა ცუდად დაიწყო და ამჟამად მე-4 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება გუარდიოლას, მის მომავალთან დაკავშირებით საუბრები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც „მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო.

ცნობისთვის, „მანჩესტერ სიტისთან“ პეპ გუარდიოლას კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. ინგლისურ მედიაში აქტიურად იწერებოდა იმაზე, რომ „სიტიდან“ წასვლის შემდეგ გუარდიოლა ინგლისის ნაკრებს ჩაიბარებდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ამ თანამდებობაზე ოფიციალურად ტომას ტუხელი წარადგინეს.

აქვე გეტყვით, რომ გუარდიოლა „სიტიში“ 2016 წლიდან მუშაობს. „ქალაქელებთან“ ერთად მან 6-ჯერ პრემიერ ლიგა, 2-ჯერ ინგლისის თასი, 4-ჯერ ლიგის თასი, 3-ჯერ ინგლისის სუპერთასი, თითო ჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ადრე თუ გვიან ეს მოხდება...“ - პეპმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა
„ადრე თუ გვიან ეს მოხდება...“ - პეპმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა