მოლაპარაკებები დაწყებულია | კარლსრუეს ბუდუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
„კარლსრუეს“ ბუდუ ზივზივაძესთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ავტორიტეტული გამოცემის, Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, გერმანული კლუბის წარმომადგენლები 30 წლის თავდამსხმელის მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი არიან და მისი შენარჩუნება გადაწყვიტეს.
ბუდუს „კარლსრუესთან“ ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Sky Sport Deutschland-ის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ზივზივაძისთვის კლუბში დარჩენა პრობლემას არ წარმოადგენს. იდეალურ ვითარებაში, მას „კარლსრუესთან“ ერთად ბუნდესლიგაში დაწინაურება უნდა.
ბუდუ მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებს. ქართველი თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ერთ-ერთი ლიდერია და ბუნდესლიგა 2-ის 12 შეხვედრაში 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, გერმანიის თასზე კი ორ თამაშში ორი ბურთი შეაგდო.
ცნობისთვის, ბუნდესლიგა 2-ის 12 ტურის შემდეგ, „კარლსრუეს“ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციას იკავებს. ზივზივაძის გუნდი ლიდერ „ჰანოვერს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება და მომდევნო მატჩი 23 ნოემბერს, „ფიურტის“ წინააღმდეგ ელის.