მამარდას შემცვლელი შეარჩიეს - ვის იმატებს ვალენსია
წლევანდელი სეზონი „ვალენსიასთვის“ წარუმატებლად მიმდინარეობს და ცამეტი ტურის შემდეგ ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული კლუბი სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი გიორგი მამარდაშვილს მიუძღვის და რომ არა რიგ ეპიზოდებში ქართველი მეკარის ოსტატობა, „ღამურების“ მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმე იქნებოდა.
მამარდაშვილის კლასიდან გამომდინარე, ვალენსიელები ხვდებიან, რომ მომდევნო სეზონში მისი „ლივერპულში“ წასვლით კლუბს სერიოზული ძალა მოაკლდება და ქართველის შემცვლელზე ზრუნვა უკვე დაიწყეს. ავტორიტეტული გამოცემა Don Ballon-ის ინფორმაციით, წლევანდელი სეზონის დასრულებისთანავე, „ღამურებს“ „ლას პალმასის“ 27 წლის მეკარე ალვარო ვალესი შეუერთდება, რომელიც კანარის კუნძულების გუნდის ძირითადში ვერ ხვდება, რადგან იმ იესპერ სილესენს, რომელიც თავის დროზე „ვალენსიას“ ძირითადიდან მამარდაშვილმა ამოაგდო, სათანადო კონკურენციას ვერ უწევს.
ცნობისათვის, გარდა მეკარის პოზიციის გაძლიერებისა, „ვალენსია“ მადრიდის „რეალიდან“ ლუკას ვასკესის დამატებასაც გეგმავს, რომელიც უნივერსალური თვისებებით არის დაჯილდოებული და საჭიროების შემთხვევაში როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თამაში თანაბარი წარმატებით შეუძლია.