„გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“ - შენგელია და მექვაბიშვილი ნოემბრის მატჩებზე
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა დღეს პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით ჩაატარა.
სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა, ლევან შენგელიამ და ანზორ მექვაბიშვილმა მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრეს.
ლევან შენგელია:
„კონცენტრირებულები ვართ მომდევნო ორი მატჩის მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩასატარებლად. გვსურს, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საჭირო შედეგი დავაფიქსიროთ“.
„პირველი მატჩი უკრაინასთან გველის და მაქსიმუმს გავაკეთებთ ქართველი გულშემატკივრების გასახარებლად. ჩვენ კი, დადებითი განწყობით შევხვდებით ჩეხეთში ჩასატარებელ დასკვნით თამაშს, რაც უმნიშვნელოვანესი იქნება“.
„ნაკრების სხვადასხვა ქალაქში თამაში ძალიან კარგია, რადგან გულშემატკივარს მაქსიმალურად ეძლევა ნაკრების ხილვის საშუალება. დარწმუნებული ვარ, ბათუმში ძალიან კარგი გულშემატკივრობა იქნება“.
ანზორ მექვაბიშვილი:
„ზუსტად ორი თვე გამიცდა და ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად სწრაფად მომერჩინა ტრავმა. ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში ვარ და მზად ვარ ნებისმიერ მომენტში დავეხმარო ნაკრებს“.
„მთავარია, მომდევნო მატჩებში შევინარჩუნოთ ის თამაში, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე და სექტემბერში გვქონდა. იყო მცირე ჩავარდნა, იყო უიღბლობაც, თუმცა მთავარია, რომ დავიბრუნოთ ის, რაც აქამდე გვქონდა. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ“.
„ძალიან კარგია ქვეყნისთვის, როდესაც ნაკრები არა მხოლოდ დედაქალაქში თამაშობს. განსაკუთრებით იმ გულშემატკივრებისთვის, ვინც ბათუმში ან ახლოს ცხოვრობს და შეძლებს თამაშზე მოსვლას. განსხვავებული ატმოსფერო იქნება, რაც აუცილებლად დაეხმარება ნაკრებს. იმედი მაქვს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქართველ გულშემატკივარს სურს“.
წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება. დისკვალიფიკაციის გამო, უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს. ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად ჩეხეთთან მატჩისთვის მოემზადება. ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრები სრულად 12 ნოემბრიდან შეიკრიბება.