ერთა ლიგის მატჩამდე - უკრაინაში ქართველი ლეგიონერები გაიხსენეს
16 ნოემბერს, ბათუმში, უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში საქართველოს ეროვნული გუნდი უკრაინის ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრას ორივე გუნდისთვის უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა აქვს და წინ დიდი აჟიოტაჟი უძღვის. სწორედ ამიტომ, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინულ სპორტულ პრესაში ქართულ ფეხბურთზე ბევრს საუბრობენ, ერთ-ერთ ცნობილ ვებ-გვერდ Sport.ua-ზე კი ის 10 წარმატებული ქართველი მოთამაშე გაიხსენეს, რომელთაც სხვადასხვა დროს უკრაინის ჩემპიონატში უასპარეზიათ.
ალექსანდრე ამისულაშვილი
უკრაინაში 2003 წელს, 21 წლის ასაკში გადაბარგდა და უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მცველად ითვლებოდა. ყოველივე ამან „დინამო კიევის“ სკაუტების ყურადღება მიიპყრო და მათ ჩათვალეს, რომ კახა კალაძის წარმატებული ტრანსფერის შემდეგ, უკრაინული ფეხბურთის ფლაგმანში ამისულაშვილიც გაამართლებდა. თუმცა, იმ ძლიერ ფიზიკურ დატვირთებს, რასაც მწვრთნელები „კონჩა ზასპეს“ ბაზაზე ნებისმიერ ახალწვეულს აძლევდნენ, ახალგაზრდამ ვერ გაუძლო და კიევური გუნდის რიგებში მხოლოდ ორჯერ ითამაშა.
მოგვიანებით, ამისულაშვილი ვიშა ლიგაში ჯერ „დნიპროში“ მერე კი „ტავრიაში“ ჩაირიცხა, თუმცა პირველ მათგანში ერთხელაც არ უთამაშია, სიმფეროპოლურ გუნდში კი 10-ჯერ იასპარეზა. 2007 წლის ზაფხულში საქართველოს ნაკრების მცველისა და „დინამო კიევის“ ისტორია საბოლოოდ დასრულდა და ის ნალჩიკის „სპარტაკში“ 400 ათას ევროდ გაიყიდა. რუსეთში ალეკომ „კრასნოდარსა“ და „კრილია სოვეტოვში“ გამოსვლა მოასწრო, რის შემდეგაც კარიერის გაგრძელება ჯერ თურქეთში (კაისერისპორი, ქარშიაქა), ხოლო შემდეგ ბაქოს „ინტერში“ გადაწყვიტა, ფეხბურთის თამაში კი 2016 წელს თბილისის „დინამოში“ დაასრულა. ამჟამად 42 წლის ამისულაშვილი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობს.
თორნიკე ოქრიაშვილი
2010 წლის ზაფხულში ახალგაზრდა უნიჭიერესი ფეხბურთელი „შახტარმა“ იჯარით „გაგრადან“ დაიმატა, ნახევარი წლის შემდეგ კი მისი სატრანსფერო უფლებები 400 ათას ევროდ სრულად გამოისყიდა. დონეცკელებმა ოქრიაშვილი ჯერ მარიუპოლის „ილიჩევეცში“ (60 მატჩი, 5 გოლი, 5 ასისტი), შემდეგ კი ოდესის „ჩერნომორეცში“ (14 მატჩი, 3 გოლი, 1 ასისტი) გაანათხოვრეს. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ “შახტარის“ ძირითადში დამკვიდრების შანსი არასოდეს ჰქონია, რადგან ხარისხიან ბრაზილიელ ლეგიონერებს სათანადო კონკურენციას ვერ უწევდა.
2014 წლის ზაფხულში დონბასელებმა ოქრიაშვილი „გენკში“ 1,8 მილიონ ევროდ გაყიდეს, სადაც კარიერა ვერ აეწყო. ამას მოჰყვა თურქეთის „ესქიშეჰირში“, რუსეთის „კრასნოდარში“ და კვიპროსის „ანორთოსისსა“ და „აპოელში“ ასპარეზობა. 2023 წელს სამშობლოში დაბრუნებულმა მშობლიურ „გაგრასა“ და „დინამო თბილისში“ ითამაშა, ორი თვის წინ კი, 32 წლის ასაკში, თამაშის გაგრძელება არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბ „დუბაის საფეხბურთო აკადემიაში“ გადაწყვიტა.
უჩა ლობჟანიძე
„დინამო თბილისში“, „დინამო ბათუმსა“ და „ზესტაფონში“ ნათამაშები მარჯვენა მცველი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ცენტრშიც შეეძლო ასპარეზობა, 2010 წლის იანვარში „დნიპრომ“ შეამჩნია და 2 მილიონ ევროდ დაიმატა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელის კარიერა დნეპროპეტროვსკის კლუბში თავდაპირველად წარმატებულად განვითარდა, რადგან მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ბესონოვი მას ნდობას უცხადებდა, რასაც ვერ ვიტყვით ამ უკანასკნელის ესპანელ შემცვლელ ხუანდე რამოსზე, რომელმაც მოსვლისთანავე უჩა აითვალწუნა და „კრივბასში“ გაანათხოვრა, სადაც ორი წლის განმავლობაში ჩატარებულ 49 მატჩში 3 საგოლე პასი შეასრულა.
2014 წლის ზაფხულში ლობჟანიძე თავისუფალი აგენტი გახდა და ნიქოზიის „ომონიას“ მიაშურა, რასაც „დინამო თბილისში“, „ატირაუში“, „სამტრედიასა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ ასპარეზობა მოყვა, სადაც 2019 წელს, სულ რაღაც 31 წლის ასაკში, კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
გიორგი დემეტრაძე
კარიერის საწყის ეტაპზე, „დინამო თბილისში“ ასპარეზობისას, ტანდაბალმა და ძალიან სწრაფმა, ტექნიკურმა ფორვარდმა „ფეიენოორდის“ სკაუტების ყურადღება მიიქცია და როტერდამულ გუნდში 1999 წელს მისი ტრანსფერი შედგა, სადაც მხოლოდ 7 მატჩის გამართვა მოასწრო, რის შემდეგაც ვლადიკავკაზის „ალანიაში“ გადავიდა და 21 გოლით რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მისი შთამბეჭდავი თამაში კიევის „დინამოს“ გამოცდილ მთავარ მწვრთნელს ვალერი ლობანოვსკის არ გამოჰპარვია და ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ უკრაინულმა გრანდმა 3 მილიონი დოლარი გადაიხადა, დემეს კი „მილანში“ წასული ანდრეი შევჩენკოს შეცვლა დაევალა. საერთო ჯამში ქართველ თავდამსხმელს შედეგიანობას ვერავინ დაუწუნებდა, მაგრამ ლობანოვსკის მთავარი მოთხოვნის, გუნდურ თამაშში მონაწილეობისა და დაცვის დასახმარებლად უკან ხშირად ჩამოსვლის შესრულება უჭირდა, რის გამოც 2001 წელს 5 მილიონად „რეალ სოსიედადში“ გაუშვეს.
ლა ლიგაში გატარებული ერთწლიანი პერიოდის შემდეგ დემეტრაძე ჯერ რუსეთში, შემდეგ კი უკრაინაში დაბრუნდა, სადაც დონეცკის „მეტალურგსა“ (98 მატჩი, 39 გოლი, 20 საგოლე პასი) და კიევის „არსენალში“ (20 მატჩი, 4 გოლი, 1 საგოლე პასი) ურიგოდ არ უთამაშია.
ლევან ცქიტიშვილი
ცქიტიშვილი უკრაინაში ნამდვილი ვარსკვლავის სტატუსით ჩამოვიდა, რადგან მას ზურგს „ფრაიბურგის“ შემადგენლობაში 160 მატჩი უმაგრებდა, რომელთა უმრავლესობაც გერმანიის ბუნდესლიგაში ჰქონდა ჩატარებული. მსგავსი დონის ნახევარმცველის დამატებას, თანაც სრულიად უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით, დონეცკის „მეტალურგის“ ხელმძღვანელები და მისი მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ სევიდოვი დიდ მიღწევად მიიჩნევდნენ.
თუმცა, ამ გუნდის მაისურით ცქიტიშვილმა მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა და ისევ ბუნდესლიგაში დაბრუნდა, რადგან „ვოლფსბურგის“ წინადადებაზე უარი ვერ თქვა. „მგლებში“ დიდხანს არ გაჩერებულა, ზუსტად ერთ წელიწადში საბერძნეთის „პანიონიოსთან“ გააფორმა კონტრაქტი, რასაც სამშობლოში დაბრუნება მოჰყვა და კარიერის უკანასკნელი წლები კი თბილისის „ლოკომოტივსა“ და ვისბადენის „ვეენში“ გაატარა.
დავით კვირკველია
უნიჭიერესი მარცხენა მცველი უკრაინის ჩემპიონატში 2006 წლის დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც ის ზაპოროჟიეს „მეტალურგმა“ ვლადიკავკაზის „ალანიადან“ დაიმატა. ამ გუნდში ადაპტაცია კვირკველიამ მალავე გაიარა და სადებიუტო სეზონში მცველის კვალობაზე შესაშური შედეგიანობა (4 გოლი, 1 საგოლე პასი) აჩვენა. კიდევ უფრო მეტი საგოლე მოქმედება ჰქონდა მეორე სეზონში (2 გოლი, 6 საგოლე პასი) და ასეთი კარგი ასპარეზობის ფონზე, ზაპოროჟიელებმა ფინანსურად მათზე ძლიერი „რუბინის“ წინადადებაზე უარი ვერ თქვეს და ქართველი ყაზანში გადაბარგდა, სადაც უმაღლეს დონეზე მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა, შემდეგ კი მისი კარიერა რეგრესისკენ წავიდა.
იყო მახაჩკალის „ანჟის“, საბერძნეთის „პანიონიოსისა“ და კვიპროსის „ანორთოსის“ წევრი. 2012 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა და უკანასკნელი შვიდი წელიწადი საქართველოს სხვადასხვა კლუბებში, „დილაში“, „დინამო თბილისში“, „სამტრედიაში“, „დინამო ბათუმსა“ და „რუსთავში“ გაატარა.
საბა კვირკველია
თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი რუსეთის ჩემპიონატში გაატარა, სადაც სხვადასხვა დროს ყაზანის „რუბინის“, მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და „როსტოვის“ ღირსებას იცავდა. 2021 წელს კი, როდესაც უკლუბოდ დარჩა და კარიერის გაგრძელების ვარიანტები არ ჰქონდა, თანამშრომლობა „მეტალისტი 1925“-მა შესთავაზა, რომელიც მიზნად უკრაინის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ისახავდა და ქართველის კვალიფიკაციის მქონე ცენტრალური მცველის დახმარება ჰაერივით სჭირდებოდა.
თუმცა, მხარეების თანამშრომლობა ომის დაწყების გამო, 2022 წლის აპრილში ნაადრევად შეწყდა და კვირკველია სამშობლოში, კერძოდ კი „გაგრაში“ დაბრუნდა. ამის შემდეგ მან აზერბაიჯანის „ნეფთჩიში“ და საუდის არაბეთის „ალ-აჰდუდშიც“ მოასწრო გამოსვლა, ორი თვის წინ კი „დინამო თბილისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გააფორმა.
გოჩა ჯამარაული
ფლანგის ნახევარმცველი, რომელიც 24 წლის ასაკამდე თბილისის „დინამოში“ გამოდიოდა და 7-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, რის შემდეგაც იმ დროისთვის რუსეთის მოქმედ ჩემპიონ ვლადიკავკაზის „ალანიაში“ გადაბარგდა. იქ მისი კარიერა ვერ აიწყო, რასაც ერთწლიანი პაუზის შემდეგ „დინამოში“ დაბრუნება მოჰყვა, თუმცა სულ მალე ისევ საზღვარგარეთ წავიდა.
ჯამარაულმა 1997-2002 წლებში ჯერ თურქეთის „ტრაბზონსპორში“, ხოლო შემდეგ შვეიცარიის „ციურიხში“ იასპარეზა, საიდანაც 2002 წლის ზაფხულში „მეტალურგში“ ჩაირიცხა და დონეცკის გუნდთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. გოჩამ ამ კლუბის რიგებში უკრაინის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები 2-ჯერ მოიგო, იყო ნახევარდაცვის ნამდვილი ტვინი და 73 ოფიციალურ შეხვედრაში თავი 7 გოლითა და 15 საგოლე პასით გამოიჩინა.
კახა კალაძე
როგორც მარცხენა, ასევე ცენტრალური მცველისა და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თანაბარი წარმატებით შეეძლო თამაში და თავისუფლად შეიძლება კარიერული მიღწევებით უკრაინაში მოთამაშე ყველა დროის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად მივიჩნიოთ. 1998 წელს ის „დინამო თბილისიდან“ „დინამო კიევში“ გადავიდა, სადაც ვალერი ლობანოვსკის ხელში იმდენად უმაღლესი დონის პროფესიონალად ჩამოყალიბდა, რომ კიეველებმა კალაძე სამი წლის შემდეგ „მილანში“ 16 მილიონ ევროდ გაყიდეს.
სერია A-ში გატარებულ 9.5 წელიწადში კალაძემ „მილანის“ შემადგენლობაში ყველა საკლუბო ტიტული მოიგო, რის შემდეგაც ორი წელი „ჯენოაში“ ითამაშა და კარიერა დაასრულა. ფეხბურთისთვის თავის დანებების შემდეგ კი, ყველასთვის მოულოდნელად კალაძე პოლიტიკაში წავიდა და ამჟამად ქალაქ თბილისის მერის თანამდებობა უკავია.
ჯაბა კანკავა
თბილისის „დინამოსა“ და ვლადიკავკაზის „ალანიაში“ გატარებული წლების შემდეგ, კიევის „არსენალმა“ დაიმატა, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო და „დნიპროში“ გადავიდა. დნეპროპეტროვსკის კლუბში გატარებულ 8,5 წელიწადში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 136 მატჩში ქართველმა ნახევარმცველმა 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. დაეხმარა უკრაინულ გუნდს უეფას თასის ფინალში გასვლაში და „დნიპროს“ შეუცვლელ ფიგურად ითვლებოდა.
არასოდეს არავის დაავიწყდება ჯაბას დიდსულოვანი საქციელი 2014 წლის 30 მარტს „დნიპრო“ – „დინამო კიევის“ შეხვედრაში, როდესაც მეკარე დენის ბოიკოსთან შეჯახებისას გონებადაკარგულ ოლეგ გუსევს პირველადი დახმარება აღმოუჩინა და სიკვდილს გადაარჩინა.
2015 წლის ზაფხულში „დნიპრომ“ კანკავა „რეიმსში“ 1,5 მილიონ ევროდ გაყიდა, რასაც ჯაბას ყაზახეთის „ტობოლში“, საფრანგეთის „ვალანსიანში“ და სლოვაკეთის „სლოვანში“ ასპარეზობა მოჰყვა. გავრცელდა ცნობები, რომ 2021 წელს კანკავა „დნიპრო 1“-ისგან სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვდა და ფიფაშიც იჩივლა, თუმცა მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ „დნიპროსა“ და „დნიპრო 1“-ს შორის კავშირი ვერ აღმოაჩინა და შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელის მოთხოვნა მოთხოვნადვე დარჩა.