„ხშირად, გადაჭარბებული კრიტიკის მსხვერპლია“ - ხვიჩას უნიკალური სტატისტიკა ინტერთან
10 ნოემბერს, სერია A-ს მე-12 ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად „ინტერს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
ხვიჩა კვარაცხელია ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველ შემტევს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, მაგრამ თავისი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე პროდუქტიული იყო, რაც საბოლოო სტატისტიკაშიც აისარა.
„ინტერის“ წინააღმდეგ, ხვიჩას მიერ ნაჩვენები სტატისტიკური მონაცემები ნეაპოლურმა სააგენტო Calcionapoli24-მა გაავრცელა, რომელსაც მცირე შესავალიც დაურთო.
რა წერია Calcionapoli24-ის სტატიაში:
„ხვიჩა კვარაცხელია ხშირად ხდება გადაჭარბებული კრიტიკის სამიზნე, ამის საპირისპიროდ კი, „ინტერის“ წინააღმდეგ მას შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა, განსაკუთრებით კი თავდადების, დაცვაში დახმარებისა და სირბილის ნაწილში“.
Calcionapoli24 ცნობილი სტატისტიკური პორტალის, Sofascore-ს მონაცემებს დაეყრდნო. მათი ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ „ინტერის“ წინააღმდეგ საერთო ჯამში მოედანზე 11 კილომეტრი და 215 მეტრი დაფარა, აქედან 5 კმ და 751 მეტრი ჩვეულებრივი სირბილით, 1,411 კმ კი სპრინტით. დაფარული ტერიტორიის მაჩვენებლით, ქართველი შემტევი სერია A-ს მე-12 ტურში მე-5 საუკეთესო მოთამაშე იყო.
კვარას მომენტები ინტერთან:
ამის გარდა, კვარას სხვა სტატისტიკური მონაცემებიც პროდუქტიული ჰქონდა:
- შექმნილი შანსები - 0.08
- მოსალოდნელი ასისტები - 0.10.
- კარში დარტყმა - 1.
- დრიბლინგის მცდელობა - 3 (1 ზუსტი).
- ბურთთან შეხება - 51.
- პასების სიზუსტე - 97% (31-დან 30 ზუსტი პასი).
- საკვანძო მოძრაობა - 2.
- საჯარიმოში ჩაწოდება - 3 (1 ზუსტი)
- გრძელი პასი - 6 (ყველა ზუსტი)
- პოზიციურ დუელში გამარჯვება - 9-დან 5.
- ჯარიმა - 1.
- მის წინააღმდეგ აღებული ჯარიმა - 3.
- ართმევა - 1.
Sofascore-ს ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელიამ „ინტერის“ წინააღმდეგ თავისი გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო - 7.5 ქულა, ორივე გუნდიდან კი მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ ნიკოლო ბარელას ერგო - 7.9 ქულა.
ქართველმა შემტევმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ინტერთან“ თამაშის შემდეგ ხვიჩა საქართველოს ნაკრებში გამოემგზავრა და ეროვნულ გუნდს უახლოეს საათებში შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის დასკვნით ორ შეხვედრას 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინასთან, 19 ნოემბერს კი ოლომოუცში ჩეხეთის ნაკრებთან გამართავს.