„მე განსაკუთრებული ვარ“ - ეს სიტყვები ჟოზე მოურინიომ ლონდონის ჩელსიში დანიშვნის შემდეგ, პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა..
იმ პერიოდში რთული იყო არ დათანხმებოდი, რადგან პორტუგალიელი სპეციალისტი ხმაურით შემოიჭრა საფეხბურთო სამყაროში. არც მეტი, არც ნაკლები მან პორტუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. გზად კი მანჩესტერ იუნაიტედი, ლიონი და დეპორტივო ჩამოიტოვა. ფინალში მონაკო იმსხვერპლა..
რომან აბრამოვიჩმა ჟოზე სწორედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მიიყვანა. შეიძლება ითქვას, რომ მოურინიოს გუნდთან თამაში არავის არ უნდოდა, რადგან პორტუგალიელმა ნამდვილი მონსტრი შექმნა. მონსტრი, რომელსაც ლიგის მოგებამდე სულ ცოტა დააკლდა.
2004/2005 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი დღემდე განსჯის საგანია. არისტოკრატები ლივერპულს დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი ლონდონში გაიმართა და 0:0 დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრა მერსისაიდელებმა ლუის გარსიას ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს.
ესპანელის ეს გოლი კი დღემდე საკამათოა. დაზუსტებით ვერავინ ამბობს გადაკვეთა, თუ არა ბურთმა კარის ხაზი. სამწუხაროდ, მაშინ კარის ხაზის ტექნოლოგია არ არსებობდა. მაგალითად, ჟოზე თვლის, რომ გოლი არ იყო, რაც საკმაოდ ბუნებრივია.
„ჰკითხეთ გვერდითა მსაჯს რატომ ჩათვალა გოლი. როდესაც ასეთ გოლს თვლი 100%-ით დარწმუნებული უნდა იყო. ჩემმა ფეხბურთელებმა თქვეს, რომ გოლი არ იყო. საერთოდ, ვერავინ ამბობს დაზუსტებით, რომ გოლი იყო. ეპიზოდი მეც ვნახე და გოლი არ იყო. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა კლუბის და ფეხბურთელების მომავალი. მის გამო ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გავედით.“ - თქვა მოურინიომ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე
მოურინიომ ჩელსიში კიდევ 2 სეზონი დაყო, მაგრამ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტული ვერ მოიგო. პრემიერ ლიგური კარიერა დროებით დაასრულა და მოღვაწეობა ინტერში გააგრძელა, სადაც ის დღემდე ძალიან უყვართ.
მიზეზი? ნანატრი ჩემპიონთა ლიგა. პორტუგალიელმა 2009/2010 წლების სეზონი ტრიუმფით დაასრულა და ნერაძურის ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ნახევარფინალში ერთი შეხედვით უძლეველი ბარსელონა დაამარცხა, ფინალში კი მიუნხენის ბაიერნი.
ჟოზე მილანური კლუბიდან ცრემლებით წავიდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ის მარკო მატერაცისთან ერთად ტირის. განსაკუთრებული განსაკუთრებულ გუნდში მადრიდის რეალში მივიდა, სადაც, რა თქმა უნდა, მთავარ მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგება დაუსახეს.
პორტუგალიელის გაწვრთნილი ბლანკოსი საოცარი სილამაზის კონტრ-შეტევებით გამოირჩეოდა, მაგრამ მისი პირველი დაღმასვლა სწორედ რეალს უკავშირდება. დღემდე არავინ იცის, თუ რატომ გააჩერა სამეფო კლუბი 2011/2012 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ, როდესაც რეალი 2:0-ს იგებდა.
მადრიდელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ, მომენტს მომენტზე ჰქმნიდნენ, რაც ანგარიშშიც აისახა, მაგრამ მოულოდნელად ჟოზემ გუნდი უკან დახია და რეკორდმაისტერს შეტევის საშუალება მისცა. გერმანელებმა ერთი ბურთი გაქვითეს და გამარჯვებულის ბედი საბოლოოდ პენალტების სერიაში უნდა გადაწყვეტილიყო.
განსაკუთრებული ალბათ ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ ნახავდა, რომ პენალტებს კრიშტიანუ რონალდუ და რიკარდო კაკა გააფუჭებდნენ. თავად მოურინიო კი თერთმეტმეტრიანების სერიას მუხლებზე დაჩოქილი უყურებდა.. რეალი დამარცხდა..
ჟოზეს კიდევ ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი, მაგრამ შემდეგ სეზონში ნახევარფინალში დორტმუნდთან დამარცხდა. ამის პარალელურად კი ლა ლიგაც წააგო. მას ეს ყველაფერი აღარ აპატიეს და გუნდიდან გაუშვეს..
დაბრუნება პრემიერ ლიგაში
მოურინიომ ჩელსიში დაბრუნება პირველივე სეზონში პრემიერ ლიგის მოგებით აღნიშნა და შეიძლება ითქვას, ეს მის კარიერაში, კონკრეტულად შიდა ჩემპიონატებში ბოლო ტიტული გახლავთ. 2015 წლის შემდეგ, ჟოზემ არაერთ გუნდში იმუშავა, მაგრამ ქვეყნის ჩემპიონი ვეღარ გახდა..
დროს ჩამორჩა
მიუხედავად იმისა, რომ პეპ გუარდიოლამ ტიკი-ტაკა 2008 წელს დაამკვიდრა, მოურინიოს ტაქტიკა მას მაინც ეწინააღმდეგებოდა და შედეგს იძლეოდა.
პორტუგალიელის მთავარი ნიშა დაცვითი სქემა და ძალიან სწრაფად კონტრ-შეტევაზე გადასვლა იყო და არის დღემდე.
სწორედ აქედან იწყება ყველა პრობლემა. წლების გასვლასთან ერთად, მწვრთნელები განვითარდნენ. იურგენ კლოპმა ტოტალური პრესინგით მიაღწია წარმატებას, კარლო ანჩელოტი ნებისმიერ ეპოქას მოერგო და დღემდე ტიტულებს იგებს, ტომას ტუხელმაც შეიტანა გარკვეული სიახლეები და ჩელსისთან ერთად წარმატებას მიაღწია. პეპ გუარდიოლამაც კი შეიტანა სიახლე თავის ტაქტიკაში და მადრიდის რეალთან განსხვავებული მანჩესტერ სიტი გვანახა.
ესპანელის მანჩესტერ სიტი 2022/2023 წლების სეზონში აღარ იყო მხოლო ერთ ტაქტიკაზე მორგებული გუნდი. გუარდიოლას სისტემას არასდროს ჰქონდა გეგმა B, მაგრამ სამეფო კლუბთან მან შედარებით სხვანაირად ითამაშა. გარკვეული პერიოდით ბურთი დაუთმო და ისეთი ილუზია გაჩნდა, თითქოს ქალაქელები ვეღარ უტევდნენ.. ყველას გემახსოვრებათ მადრიდში ფრედ 1:1 დასრულებული მატჩი, ხოლო განმეორებითი შეხვედრა ეტიჰადზე 4:0.
„ის ვისაც გადაფიქრება არ შეუძლია, ვერც ვერაფერს შეცვლის“ - ეს ფრაზა ირლანდიელ დრამატურგს ბერნარდ შოუს ეკუთვნის, რომელიც მოურინიოს რეალობას ასახავს. არის მომენტები, როდესაც რაღაცები უნდა დათმო და შენი შეხედულებები შეცვალო, მაგრამ პორტუგალიელმა ასე არ გააკეთა და შესაბამისი შედეგიც მიიღო.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჟოზეს ფილოსოფია დაცვით ფეხბურთს ეფუძნება. ჩელსიში მეორედ დაბრუნების და წასვლის შემდეგ, ეს ფილოსოფია ვერცერთ გუნდს ვეღარ მოარგო. ალბათ ყველაზე უკეთესად მანჩესტერ იუნაიტედს, რადგან წითელმა ეშმაკებმა ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, ყველაზე ღირებული ტიტული ევროპის ლიგა მოიგეს, მაგრამ ისეთი გუნდისთვის, როგორიც მანჩესტერია, ეს მისაღები ნამდვილად არ უნდა იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ იუნაიტედმა ევროპის ლიგა მოიგო, გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს მაინც ვერ თამაშობდა. მეტიც, ჟოზეს ტაქტიკა გაუგებარი იყო. მოურინიოს ხელმძღვანელობით, წითელმა ეშმაკებმა პრემიერ ლიგაში ბოლო დეკადის საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს და მეორე ადგილზე გავიდნენ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა ეს გლეიზერებისთვის საკმარისი არ იყო და პორტუგალიელი გაათავისუფლეს.
დროის გასვლასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის 2-გზის გამარჯვებული მწვრთნელი კომიკურ პერსონაჟად იქცა. ფეხბურთის მოყვარულები ხშირად ხალისობენ მოურინიოს საქციელებზე. ის ძირითადად მსაჯებს ეკამათება და არაორდინალური განცხადებებით გამოირჩევა, რაც მას მეტად კომიკურს ხდის.
ერთ-ერთი უკანასკნელი ფრაზა ასეთია, რომელიც მან თურქ მსაჯზე თქვა: „მსაჯი უბრალოდ პატარა ბიჭი, რომელიც მოედანზე თავისთვის დარბოდა, მაგრამ რეალურად ის ატილა კარაოღლანია, მატჩის საუკეთესო მოთამაშე.“
ამით ჟოზემ ყველას უთხრა, რომ მისი გუნდის წაგება არბიტრის ბრალი იყო..
პორტუგალიელი სპეციალისტი დღემდე რჩება იმ მწვრთნელების კატეგორიაში, რომლებიც საკუთარ შეცდომებს არ აღიარებენ და მეტიც, არც სწავლობენ დაშვებულ შეცდომებზე..
მანჩესტერ იუნაიტედის შემდეგ, ტოტენჰემის ჯერი დადგა. მისი ხელმძღვანელობით დეზებმა კარგად დაიწყეს, პრემიერ ლიგასაც ლიდერობდნენ, მაგრამ შემდეგ შიდა სიტუაცია აირია, რამაც შედეგებზე გავლენა იქონია.
ამ ყველაფერს ისიც ამძაფრებდა, რომ გულშემატკივრებს დიდად არ უყვარდათ, რადგან რამდენიმე თვით ადრე მათი საყვარელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინო დაითხოვეს, რომელმაც ტოტენჰემი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.
დეზების დატოვების შემდეგ, ჟოზემ განაცხადა: „იმედი მაქვს, ტოტენჰემის გულშემატკივრები ცუდად არ გამიგებენ. ჩემს კარიერაში ტოტენჰემი ერთადერთი კლუბია, რომელთანაც გრძნობები არ გამაჩნია. სტადიონი არასდროს ივსებოდა. სხვა გუნდებთან ყოველთვის ვგრძნობდი ჩემს კავშირს.. აქ კი მსგავსი არაფერი ყოფილა.“
სტატისტიკა
იქამდე სანამ მოურინიოს მოღვაწეობას რომაში განვიხილავთ, სტატისტიკის მნიშვნელოვან ცვლილებებზე მინდა გესაუბროთ.
2004/2007 წლებში, ჟოზე ჩელსის ყველა ტურნირზე ერთად 185 მატჩში გაუძღვა, საიდანაც 124 მოიგო, 40 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 21 წააგო.
ინტერი - 108 მატჩი, 67 მოგება, 26 ფრე, 15 წაგება
მადრიდის რეალი - 178 მატჩი, 128 მოგება, 28 ფრე, 22 წაგება
ისევ ჩელსი - 136 მატჩი, 80 მოგება, 29 ფრე, 27 წაგება
მანჩესტერ იუნაიტედი - 144 მატჩი, 84 მოგება, 32 ფრე, 28 წაგება
ინტერიდან წასვლის შემდეგ, მოურინიოს გუნდების წაგებების რაოდენობა იზრდება. მისი დაცვითი სისტემა ისეთი მყარი და გაუვალი აღარ არის, როგორიც ეს ინტერში ან ჩელსიში პირველი მოღვაწეობის დროს იყო.
გოლების რაოდენობამაც იკლო. სამეფო კლუბში მუშაობის დროს, მისმა გუნდმა 475 გოლი გაიტანა და 168 მიიღო(+307). ჩელსიში მეორედ მისვლის შემდეგ, 245 გაიტანა და 121 მიიღო(+124).
წითელ ეშმაკებში დაახლოებით იდენტური სტატისტიკაა. 244 გატანილი და 121 გაშვებული(+123). ტოტენჰემი - 166 გატანილი და 103 მიღებული(+63).
მოურინიომ მანჩესტერ იუნაიტედი 2018 წელს დატოვა, ევროპის ლიგა კი 1 სეზონით ადრე მოიგო. რომაში დანიშვნამდე კი ის უტიტულოდ იყო. მისი გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტები აღარ იყვნენ.. წითელ ეშმაკებთან ერთად, სევილიასთან დამარცხდა..
მოჩვენებითი აღზევება?
განსაკუთრებულის რომაული კარიერა დიდებულად დაიწყო, თუმცა მისი ტაქტიკა არ შეცვლილა. ჯალოროსიშიც დაცვით ფეხბურთს თამაშობდა და ამან შედეგი გამოიღო. ზოგადად, იტალიურ გუნდში ჟოზეს შემტევ სტილს არავინ ავალდებულებდა, მაგრამ მანჩესტერში, ტოტენჰემში ან თუნდაც რეალში, დაცვითი ფეხბურთი მიუღებელი იყო. ეს ნაკლებად ეხება სამეფო კლუბს, რადგან, როგორც უკვე მოგახსენეთ, მოურინიოს ფორმაციის ბლანკოსი საოცარი სილამაზის კონტრ-შეტევებს თამაშობდა.
დავუბრუნდეთ რომას. მოურინიომ დედაქალაქურ კლუბს 1961 წლის შემდეგ, პირველი ევროპული თასი მოაგებინა. საუბარი ევროპის კონფერენს ლიგაზეა. ამ გამარჯვებით კი მოურინიომ ახალი ისტორია დაწერა. ჟოზე გახდა პირველი მწვრთნელი, რომელსაც სამივე ევროპული ტიტული აქვს მოგებული. იგულისხმება ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა და კონფერენს ლიგა.
მიუხედავად იმისა, რომ რომა სერია ა-ში ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოდა, გულშემატკივრები მისით მაინც აღფრთოვანებულები იყვნენ. მეორე სეზონში, მოურინიო ძალიან ახლოს იყო ევროპის ლიგის მოგებასთან, მაგრამ ფინალში სევილიასთან დამარცხდა. ვინ იცის, ჩემპიონობის შემთხვევაში მისი კარიერა სულ სხვანაირად შეიძლება გაგრძელებულიყო, მაგრამ საბოლოოდ რომაული ისტორიაც ისე დასრულდა, როგორც ეს წინა ორ კლუბში მოხდა.
ბევრისთვის მოულოდნელად მოურინიო გაათავისუფლეს. მისმა გათავისუფლებებმა კი გარკვეულწილად კომიკური ხასიათი მიიღო, რადგან ჟოზე საკმაოდ მსუყე კომპენსაციას იღებდა.
მაგალითად, როდესაც ის 2015 წელს ჩელსიდან დაითხოვეს, კომპენსაციის სახით 8.3 მილიონი ევრო მიიღო. მანჩესტერიდან გათავისუფლების შემდეგ, 19.6 მილიონი ევრო, ხოლო ტოტენჰემმა მას 17 მილიონი გადაუხადა. ყველაზე ცოტა ჯალოროსისგან(3 მილიონი ევრო). ასევე არ უნდა გამოგვრჩეს მადრიდის რეალი. სამეფო კლუბმა მას კონტრაქტის დარღვევის გამო 17 მილიონი ევრო გადაუხადა.
დავუბრუნდეთ მის „მოჩვენებით“ აღზევებას. იყო დრო, როდესაც პორტუგალიელს ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იყვანდნენ სამსახურში. რომასთან ერთად ევროპული ტიტულის მოგება, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო, მაგრამ ევროპის ლიგის მოგების შემთხვევაშიც კი, ვიტყოდით, რომ ჟოზე დაბრუნდა?
განსაკუთრებულმა ერთ დროს საკუთარი თამასა იმ დონეზე ასწია, რომ ევროპის ლიგის მოგება რეალურად ბევრს არაფერს ნიშნავს. სამწუხაროდ, რომაული კარიერა, როგორც უკვე მოგახსენეთ ზუსტად ისე დასრულდა, როგორც რეალში, ჩელსიში, მანჩესტერ იუნაიტედში და ტოტენჰემში.. მოურინიო დაითხოვეს..
პატარა გუნდების სპეციალისტი
სამწუხაროდ დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ მოურინიო პატარა გუნდების მწვრთნელად გადაიქცა. რეალურად, მისი დიდი ბოლო გუნდი მანჩესტერ იუნაიტედი იყო, მაგრამ უნდა დავსვათ კითხვა. იყო იმ პერიოდის მანჩესტერი დიდი გუნდი? სახელით და ისტორიით, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ არა შედეგებით და არსებული რეალობით..
დიდი გუნდი არც ტოტენჰემია და არც რომა.. დღეს კი ჟოზე ფენერბახჩეს დამრიგებელია. მოდით გადავხედოთ მის თურქულ სტატისტიკას..
ჟოზე იმ დროს მივიდა ფენერბახჩეში, როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობდა, მაგრამ განსაკუთრებულმა ლილის ბარიერი ვერ დაძლია და ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა.
ჩავხედოთ ევროპის ლიგას, სადაც ფენერბახჩემ მოურინიოს ხელმძღვანელობით 4 მატჩი გამართა, 1 მოიგო, 1 წააგო და 2 ფრედ დაასრულა. ორი ფრიდან კი ერთი სტუმრად მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ..
გადავხედოთ თურქეთის სუპერ ლიგას. 11 ტურის შემდეგ, ფენერი 26 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ გალათასარაის 5 ქულით ჩამორჩება. 8 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება.. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჟოზეს ამჟამინდელ გუნდს თურქეთის ჩემპიონატი 10 წელია არ მოუგია, ხელმძღვანელობისთვის და გულშემატკივრებისთვის მეორე ან მესამე ადგილი დამაკმაყოფილებელი არ იქნება.
მოურინიოს ფენერმა 19 ჩატარებულ შეხვედრაში უკვე 22 გოლი გაუშვა, რაც მისი ტაქტიკისთვის არადამახასიათებელი ფაქტია, თუმცა ამის საპირისპიროდ 40 გაიტანა და ჯერჯერობით ბალანსი დაცულია.
ჟოზემ ახალ კლუბში თავისი ძველი წყობა ააღორძინა - 4-2-3-1 - ორი საყრდენი ნახევარმცველი, ერთი გამთამაშებელი, ორი ფლანგის შემტევი და ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი. ამ ეტაპისთვის, განსაკუთრებულის თურქული კარიერა ჯერჯერობით დადებითად ფასდება, მაგრამ მისი თავის დროზე აწეული თამასიდან ეს მაინც არ არის მისაღები. ჟოზემ უმაღლესი ტიტულებისთვის ბრძოლას მიგვაჩვია, მაგრამ დღეს ასე აღარ არის.
დღეს კი არა, უკვე წლებია ასე გრძელდება.. მოურინიო პატარა გუნდების მწვრთნელად ჩამოყალიბდა.. ამასაც ისიც მოწმობს, რომ მას დიდი გუნდებიდან შეთავაზება დიდი ხანია აღარ მიუღია. სპორტულ მედიაში იყო ჭორები, რომ განსაკუთრებულთან თანამშრომლობით ბაიერნი და პარი სენ ჟერმენი ინტერესდებოდნენ, მაგრამ ჭორები, ჭორებად დარჩა..
დასკვნა
ჟოზე მოურინიომ თანამედროვე ფეხბურთს ფეხი ვერ აუწყო. სიჯიუტით და თავისი ხასიათით მხოლოდ თავის თავს ავნო. იყო დრო, გულშემატკივრები კამათობდნენ, თუ ვინ იყო უკეთესი - მოურინიო, თუ პეპ გუარდიოლა?
ამ ბლოგით ჟოზეს კარიერა, რა თქმა უნდა, არ კნინდება და მას ვერავინ დაუკარგავს იმას, რაც ფეხბურთისთვის და კონკრეტული გუნდებისთვის გააკეთა. პირიქით, თანამედროვე ფეხბურთს ძალიან აკლია ძლიერი მოურინიოს, ძლიერი გუნდი. მას ყოველთვის ჰქონდა საკმაოდ დიდი ქარიზმა და ხიბლი..
ჟოზე მოურინიო უდავოდ არის გენიოსი, მაგრამ.. დროს ჩამორჩენილი გენიოსი..