სანაკრებო მატჩებს გამოტოვებენ - ბარსელონელების ტრავმები
„ბარსელონას“ ორი წამყვანი ფეხბურთელი, ლამინ იამალი და რობერტ ლევანდოვსკი დაუშავდა, თუმცა კატალონიური კლუბისთვის ეს საგანგაშო სულაც არ არის, რადგან სანაკრებო ფეხბურთის დრო დგება და თვის ბოლომდე „ბლაუგრანას“ თამაშების ჩატარება არ უწევს. იქიდან გამომდინარე, რომ არც ესპანელი და არც პოლონელი დიდი ხნით არ დამტვრეულა, შესაძლოა „ბარსას“ ხელმძღვანელები კმაყოფილებიც იყვნენ, რომ ეროვნულ გუნდებში მონაწილეობისგან და მომქანცველი მგზავრობისგან მათი საკვანძო ფიგურები ნოემბრის თვეში თავისუფლები იქნებიან.
ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე უკვე ჩააყენეს საქმის კურსში, რომ იამალი სანაკრებო შეკრებაზე არ გამოცხადდება და დანიელებთან (სტუმრად) და შვეიცარიელებთან (შინ) მატჩებში ფონს გასვლა ახალგაზრდა ვარსკვლავის გარეშე მოუწევს. 17 წლის ევროპის ჩემპიონმა „ცრვენა ზვეზდასთან“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ტერფის ტრავმა მიიღო, რის გამოც გუშინ „სოსიედადთანაც“ არ უთამაშია და დაახლოებით 3-კვირიანი მკურნალობის ჩატარება მოუწევს.
რაც შეეხება ლევანდოვსკის, ის გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას ზურგის ტკივილმა შეაწუხა და ექიმებმა 10-დღიანი დასვენება გამოუწერეს. შესაბამისად, პოლონეთის ეროვნულ გუნდს პორტუგალიელებთან და შოტლანდიელებთან მატჩებში მთავარი ბომბარდირის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ლა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში 14 გოლით რობერტ ლევანდოვსკი ბომბარდირთა, ლამინ იამალი კი 7 საგოლე პასით ასისტენტთა დავის ლიდერია.