ლაშა ტალახაძე
Aa
Aa

სპორტი და პოლიტიკა შეუთავსებელია - ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ლაშა ტალახაძე 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს. სტატიაში ლაშა ტალახაძის კომენტარია მოყვანილი, რომელიც ცნობილ გამოცემა Politico-ს მისცა.

ლაშა ტალახაძე: „ეს ორი რამ (პოლიტიკური და სპორტული კარიერა) ერთმანეთთან შეუთავსებელია.

ამჟამად არ ვვარჯიშობ. ამ მომენტში ჩემს ქვეყანას ვჭირდები. „ქართული ოცნება’’ ზუსტად ის ძალაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და ერთიანობა.

ვნახოთ, რა მოხდება მომავალში... მე ყოველთვის ჩემი ქვეყნის გვერდით ვიდექი და მომავალშიც იმის კეთებას გავაგრძელებ, რაშიც შემიძლია რომ საჭირო ვიყო’’.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიშვილი იმედოვნებს, რომ ლაშა ტალახაძე სპორტს დაუბრუნდება, ევროპის ჩემპიონატსა (2026) და ოლიმპიადაზე (2028) გამოვა.

კახი კახიშვილი: „ლაშა სავარჯიშო დარბაზში რამდენჯერმე იყო, მაგრამ ამას სრულყოფილ ვარჯიშს ვერ ვუწოდებთ. რამდენიმე ინტერვიუ მოვისმინე, რომ მას სპორტული კარიერის გაგრძელება სურს.

ჩემი მიზანი და ოცნება მასთან დაკავშირებით არის ის, რომ შემდეგ ოლიმპიადაზე გამოვიდეს. მას აქვს იმის პოტენციალი, რომ მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი ძალოსანი გახდეს ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლებით’’.

შეგახსენებთ, ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია. ასევე, ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში (225 კგ), აკვრასა (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ). სამივე რეკორდი, ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში მსოფლიოს ყველა დროის რეკორდია ძალოსნობაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველგან ძალიან სახიფათოა“ | ოლივეირამ ილია თოფურიაზე ისაუბრა
„ყველგან ძალიან სახიფათოა“ | ოლივეირამ ილია თოფურიაზე ისაუბრა