სჯობს კვარა ბებერი ძაღლით შევცვალოთ | იტალიაში კონტე გააკრიტიკეს
ანტონიო კონტეს ფორმაციის „ნაპოლიში’’ ხვიჩა კვარაცხელიას დაცვითი ფუნქციების შესრულება ხშირად ევალება, რაც საუკეთესო თვისებების გამოვლენაში ხელს უშლის. ამ თემაზე Ilnapolista-ს ვებგვერდზე ფეხბურთის კომენტატორმა და „ნაპოლის’’ ქომაგმა გვიდო ტრომბეტიმ ისაუბრა.
გვიდო ტრომბეტი: „კვარამ ნამდვილად დაკარგა შეტევაში წასვლის სიცხადე და ჩვენ უნდა ვიკითხოთ, იქნებოდა თუ არა უკეთესი მისი მთავარი თვისებების გამოყენება: საგოლე პასების შესრულება და გოლების გატანა. ჩემი აზრით, კონტემ უნდა იპოვოს მექანიზმი, რაც ქართველს მისი არაორდინალური ტექნიკური უნარების გამოვლენის საშუალებას მისცემს. თუ განაპირა მცველად რეგულარულად ითამაშებს, არ უნდა ველოდოთ რომ დრიბლინგზე წასვლის მკაფიო მომენტს იპოვის, ბრწყინვალე პასისთვის ადგილს შეარჩევს და 60-მეტრიანი სპრინტის შემდეგ კარისკენ ზუსტად დაარტყამს. ეს სერიოზული პრობლემაა, გადაუჭრელი საკითხია. თუ კვარამ განაპირა მცველის პოზიციაზე უნდა ითამაშოს, სჯობს მის ადგილზე ბებერი ძაღლი ვათამაშოთ’’.
სერია A-ს გასულ ტურში „ინტერი’’ – „ნაპოლის’’ შეხვედრა 1:1 დასრულდა. ანგარიში „პარტენოპეიმ’’ გახსნა, კვარაცხელიას შესრულებულ კუთხურს რაჰმანის პასი და მაკტომინეის გოლი მოჰყვა. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ კვარაცხელია დაცვით ფუნქციებს აქტიურად ასრულებდა და ამ მხრივ დიდი სამუშაო გასწია.
მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო კონტეს „ნაპოლი'' ძალიან პრაგმატულია და იტალიელი სპეციალისტი კვარას დაცვაში თამაშს აქტიურად თხოვს, ქართველ ფეხბურთელს სერია A-ს ამ სეზონში კარგი სტატისტიკა აქვს, 12 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.