„ფარს შესანიშნავად იცავს“ | ორლანდო მეჯიქის მთავარმა მწვრთნელმა გოგა შეაქო
„ორლანდო მეჯიქის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯამალ მოზლიმ გოგა ბითაძეზე ისაუბრა. „ვაშინგტონ უიზარდსთან“ გამართულ შეხვედრაში, ბითაძეს ორმაგი დუბლი ჰქონდა და მოზლიმ ქართველი ცენტრი შეაქო.
„გოგა მტკიცე ადამიანია. ყოველთვის მზადაა, ზედმეტ სიტყვას არ ამბობს და როცა რაღაცის გაკეთებას სთხოვენ, პარკეტზე გადის და აკეთებს. ბითაძე ფარს ბრწყინვალედ იცავს და პიკ ენდ როლებისას შესანიშნავად მოქმედებს. შეტევაში, ბითაძე იერიშებს წარმართავს და თანაგუნდელებს მიუთითებს პარკეტზე სად უნდა იყვნენ. გოგა სათამაშოდ ყოველთვის მზადაა და ეს ამ გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია“.
ცნობისთვის, „ორლანდომ“ „ვაშინგტონ უიზარდსი“ 121:94 გაანადგურა. ბითაძემ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ორმაგი დუბლი გაიფორმა. ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 12 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გააკეთა და 6-დან 5 ორქულიანი გამოიყენა.
გეტყვით იმასაც, რომ ორლანდოს“ 5 მოგება და 6 წაგება აქვს. ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 გახლავთ და მომდევნო შეხვედრა 13 ნოემბერს, „შარლოთ ჰორნეთსის“ წინააღმდეგ ელის.