ინძაგი: „უნდა მოგვეგო, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ“
იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურის წინ დასახულ მიზანს „ინტერმა“ ვერ მიაღწია და საკუთარ მოედანზე „ნაპოლი“ ვერ დაამარცხა. თუმცა, დაფიქსირებული ფრით შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნერიაძურის თავკაცი სიმონე ინძაგი უკმაყოფილო ნამდვილად არ ჩანდა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო რამდენიმე დღეში მის შეგირდებს პარტენოპეისა და „არსენალის“ სახით, ორ უძლიერეს მეტოქესთან მოუწიათ დაპირისპირება.
რა თქვა ინძაგიმ
ამ შეხვედრაში თუ რომელიმე გუნდს უნდა გაემარჯვა, ეს პირველ რიგში „ინტერი“ იყო. მოკლედ რომ გითხრათ, ჩემი ფეხბურთელების თამაშით იმდენად კმაყოფილი ვიყავი, რომ არც ერთი შეცვლის გაკეთება არ მსურდა. შექმნილი საგოლე მომენტები რომ გამოგვეყენებინა, 3 ქულას აუცილებლად ავიღებდით.
„ნაპოლი“ სატურნირო ცხრილის ლიდერია, მაგრამ ამ მატჩში ნეაპოლელებს არაფრით ჩამოვუვარდებოდით. თანაც, მათგან განსხვავებით, შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაში „არსენალის“ კალიბრის გუნდთან ვითამაშეთ.
დაცვაში შეცდომები სახეზეა, თუმცა გასაკვირი ის ფაქტია, რომ სერია A-ში გოლს თითქმის ყველა მატჩში ვუშვებთ, მაშინ როდესაც ჩემპიონთა ლიგის ოთხივე შეხვედრაში საკუთარი კარი მშრალად შევინახეთ.
თორმეტი ტურის შემდეგ სერია A-ს „ნაპოლი“ ლიდერობს, თუმცა სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში საოცარი დაძაბულობაა და პირველ და მეექვსეადგილოსანს შორის სხვაობა მხოლო 2 ქულას შეადგენს.