„პროტოკოლი უნდა შეიცვალოს! ეს მწვრთნელებს საშინლად არ მოგვწონს“ - კონტე VAR-ს გაუბრაზდა
იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად „ინტერს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და გავლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა კონტემ:
„ჩვენ არ წავაგეთ არა სუსტ გუნდთან, არამედ გუნდთან, რომელიც ჩვენგან განსხვავებით ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. იგივეს გაკეთება გასულ ტურში, „ატალანტას“ წინააღმდეგაც შეგვეძლო, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. არ ვიცი, დღევანდელი შედეგი უკეთესია თუ უარესი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ „ატალანტასთან“ მატჩისგან განსხვავებით, დღეს კარგად ვითამაშეთ აფიშის, ინტენსივობისა და ზეწოლის მხრივ ისეთი დიდი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „ინტერია“. ბევრს ვმუშაობთ და ადრე, თუ გვიან ეს სამუშაო შედეგს გამოიღებს. დღეს რამდენიმე მარტივი პასი გავაფუჭეთ, მაგრამ ეს სან სიროა და აქ თამაში მარტივი არასდროს არის. ვინ ჩემთან მუშაობს, ყველამ იცის, რომ ყოველთვის ვცდილობ რაღაც გავაუმჯობესო. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან სამ ტოპ გუნდთან, როგორებიც არიან „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი“, სამი გასვლითი შეხვედრა ჩავატარეთ და სახლში 5 ქულით ვბრუნდებით, იმის მიუხედავად, რომ არარსებული პენალტი დაგვიდეს. ამით ისეთი რაღაცის შექმნას ცდილობენ, რაც ძალიან მაწუხებს“.
„რა მაწუხებს? მეუბნებიან, რომ არარსებულ პენალტიზე VAR-ი ვერ ჩაერევა და თუ შეცდომაა, უნდა ჩაერიოს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში, დასანიშნ პენალტებსაც არ აქცევენ ყურადღებას... მაგალითად კვარაცხელიას ეპიზოდს მოვიყვან, რომელიც რამდენიმე ტურის წინ მოხდა... ეს აშკარა პენალტი იყო, როდესაც ხელი უბიძგეს და წააქციეს. აშკარა პენალტი იყო, მაგრამ VAR-ი საქმეში არ ჩართულა. საბოლოოდ, ყველაფერი მსაჯმა გადაწყვიტა... ეს უნდა გამოსწორდეს. როდესაც რამე საკამათო იქნება, მსაჯს მონიტორისკენ უნდა დაუძახოთ და თუ შემდეგ დაადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, მე პირველი ვიქნები, რომელიც მას დაიცავს“.
12 ტურის შემდეგ სერია A-ს სატურნირო ცხრილს 26 ქულით კვლავ „ნაპოლი“ ლიდერობს, მეორე პოზიციაზე კი 25 ქულით „ატალანტა“ იმყოფება. რაც შეეხება „ინტერს“, სიმონე ინძაგის გუნდი მე-4 პოზიციას იკავებს. საგულისხმოა, რომ მე-2, მე-3 და მე-4 ადგილებს 25-25 ქულით „ატალანტა“, „ფიორენტინა“ და „ინტერი“ იყოფენ.
„ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ 24 „ნოემბერს“, სტუმრად „რომას“ წინააღმდეგ გამართავს.