გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

აქტიური ზურიკო და მიქაუტაძის უიღბლობა - ქართული დერბი ლიგა 1-ში

რონ-ალპის დერბის სახელწოდებით ცნობილი „ლიონი“ – „სენტ ეტიენის“ დაპირისპირება ფრანგული ფეხბურთის მოყვარულებში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა, გასული ზაფხულიდან მოყოლებული კი, გასაგები მიზეზების გამო, ამ მატჩმა ქართველი ქომაგების ყურადღებაც მიიქცია.

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, ლიგა 1-ის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული ზურიკო დავითაშვილი როგორც მოსალოდნელი გახლდათ, „სენტ ეტიენის“ ძირითადში იყო, ხოლო გიორგი მიქაუტაძე თადარიგში დარჩა, რადგან „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა აღნიშნა, რომ ის 90 წუთი სათამაშოდ მზად არ აღმოჩნდა.

პირველ ნახევარში მასპინძლები საკმაოდ დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რომელიც მხოლოდ ერთ გოლში ასახეს - 29-ე წუთზე, კორენტინ ტოლისოს პასის შემდეგ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ალექსანდრ ლაკაზეტმა „ოლიმპიკი“ დააწინაურა. „მწვანეების“ რიგებში შეტევების გამწვავებას თუ ვინმე ცდილობდა, ეს უპირველეს ყოვლისა დავითაშვილი იყო, რომელმაც ერთ ეპიზოდში სტასინს თავზე უზუსტესი გადაცემით დაასვა ბურთი, თუმცა ამ უკანასკნელს მიზანმა უმტყუნა.

ზურიკო მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ უფრო გააქტიურდა და „ლიონის“ მცველებს მისი გაჩერება ძალიან უჭირდათ. 23 წლის ქართველმა ჯერ თავისივე მოპოვებული სტანდარტი დაარტყა სახიფათოდ, ხოლო შემდეგ ჩინებული დრიბლინგის ასეთივე დარტყმით დასრულებას აპირებდა და მცველმა ბოლო მომენტში დაუფარა.

79-ე წუთზე მოედანზე გიორგი მიქაუტაძე გამოჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ ის თამაშში უიღბლოდ ჩაერთო. სტუმართა მეკარე ლარსონერმა მოგერიების დროს შეცდომა დაუშვა და ერნესტ ნუამამ სხვაობა ორამდე გაზარდა, თუმცა იმის გამო, რომ გზად ბურთი ქართველ ფორვარდს ხელზე მოხვდა, გოლი გაუქმდა. ზუსტად ერთ წუთში მიქაუტაძეს შეცდომის გამოსწორება შეეძლო, მაგრამ მისი სუსტი დარტყმა მეკარემ მოიგერია.

საბოლოოდ „ლიონმა“ მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგო და ჩემპიონატში წაუგებელი სერია 6 მატჩამდე გაზარდა. „სენტ ეტიენი“ კი რონ-ალპის დერბიში გამარჯვებას უკვე 6 შეხვედრაა ვერ ახერხებს - „მწვანეებმა“ „ოლიმპიკი“ უკანასკნელ 2019 წლის 5 ოქტომბერს საკუთარ სტადიონზე დაამარცხეს.

სანაკრებო პაუზის შემდეგ ლიგა 1-ის გათამაშება XII ტურის მატჩებით განახლდება და 23 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე „სენტ ეტიენი“ „მონპელიეს“ უმასპინძლებს, ხოლო ამავე დღეს ღამის თორმეტ საათზე „ლიონი“ სტუმრად „რეიმსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ზურიკო ლიგა 1-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
ოფიციალურად - ზურიკო ლიგა 1-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა