ხვიჩა კვარაცხელია, ჰაკან ჩალჰანოღლუ, სკოტ მაკტომინეი
Aa
Aa

ფრე ინტერთან - ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა და აქტიური იყო

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „ინტერს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 1:1 ითამაშა.

ქართველი შემტევი ტრადიციულად „ნაპოლის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ხვიჩა პირველ ტაიმში აქტიური იყო და მეტოქის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, მეორე ნახევარში კი უმეტესად, დაცვისთვის დახმარება უწევდა, თუმცა, რეიდი და დრიბლინგი მაინც შემოგვთავაზა.

რაც მთავარია, გოლი სწორედ კვარაცხელიას დიდი დამსახურებით გავიდა. მე-17 წუთზე, ქართველმა შემტევმა კუთხურიდან ბურთი საჯარიმოსკენ ბილი გილმორს ჩაუწოდა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი მაკტომინეის გადასცა და შოტლანდიელმა ანგარიშიც გახსნა.

„ნერაძურიმ“ წონასწორობა პირველი ტაიმის მიწურულს აღადგინა. დავიდ მერეტის კარში გოლი ჰაკან ჩალჰანოღლუმ ეფექტური შორეული გასროლით გაიტანა.

მეორე ნახევარში „ნაპოლის“ საგოლე ეპიზოდი თითქმის არ შეუქმნია და თამაში ძირითადად მათ საჯარიმოსთან მიდიოდა, თუმცა, გოლის გატანა ვერც „ინტერმა“ შეძლო. საგულისხმოა, რომ ამის ყველაზე რეალური შანსი ჰაკან ჩალჰანოღლუს ჰქონდა, თუმცა, თურქმა ნახევარმცველმა „ნაპოლის“ კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

12 ტურის შემდეგ სერია A-ს სატურნირო ცხრილს 26 ქულით კვლავ „ნაპოლი“ ლიდერობს, მეორე პოზიციაზე კი 25 ქულით „ატალანტა“ იმყოფება. რაც შეეხება „ინტერს“, სიმონე ინძაგის გუნდი მე-4 პოზიციას იკავებს. საგულისხმოა, რომ მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ადგილებს 25-25 ქულით „ატალანტა“, „ფიორენტინა“, „ინტერი“ და „ლაციო“ იყოფენ.

„ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ 24 „ნოემბერს“, სტუმრად „რომას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები