პირველი მარცხი სერია A-ში - შენგელია ვირტუსში საუკეთესო იყო
„ვირტუსი“ იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში პირველად დამარცხდა. საწყის ექვს ტურში ქულათა მაქსიმალური რაოდენობის დაგროვების შემდეგ, ბოლონიელებმა სტუმრად „ვარეზესთან“ 9-ქულიანი სხვაობით, 95:104 წააგეს, თუმცა ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი თორნიკე შენგელიას მიუძღვოდა, რომელიც თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და 24 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
საქართველოს ნაკრების 33 წლის კაპიტანმა ათიდან რვა ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოები კი ასპროცენტიანი (სამიდან სამი) სიზუსტით ისროლა. თოკომ ოთხივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და მის ანგარიშზე ასევე ერთ ჩაჭრასთან ერთად, ორი პერსონალური ჯარიმა იყო.
ექვსი მოგებითა და ერთი წაგებით „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. 12 და 15 ნოემბერს ბოლონიელებს ევროლიგაში ორი პრინციპული მატჩი შესაბამისად „რეალთან“ (სტუმრად) და „პანათინაიკოსთან“ (შინ) ელით. სერია A-ს მომდევნო ტურში კი 17 ნოემბერს „სასარის“ უმასპინძლებენ.