გოგლიჩიძე გამოირიცხა | სანიოლმა შემცვლელი იპოვა
საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველის, საბა გოგლიჩიძის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და 20 წლის ფეხბურთელი ნოემბრის სანაკრებო პაუზაზე ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება.
კრისტალსპორტის ინფორმაციით, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საბა გოგლიჩიძის მაგივრად თბილისის „დინამოს“ მცველი, ალექსანდრე კალანდაძე გამოიძახა.
საბა გოგლიჩიძემ ტრავმა სერია A-ს ბოლო ტურში, „ლეჩეს“ წინააღმდეგ მიიღო. ქართველი მცველი მოედნიდან 61-ე წუთზე გავიდა. თავდაპირველად დაიწერა, რომ 20 წლის ფეხბურთელს კუნთის სპაზმი ჰქონდა და ძალების აღდგენას მალე შეძლებდა, თუმცა, როგორც გაირკვა გოგლიჩიძეს გარკვეული პერიოდით უქმობა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, ბათუმში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება, 19 ნოემბერს კი ჩეხეთს ესტუმრება.