ქართული დერბი ესპანეთში - შერმადინმა ბურჯანაძეს აჯობა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის VII ტურში ის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც ქართველები ასპარეზობენ. გალისიაში ადგილობრივმა „ლეიმამ“ „ლა ლაგუნა ტენერიფეს“ უმასპინძლა და 25-ქულიანი სხვაობით, 62:87 დამარცხდა.
ლა კორუნიელებმა ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს თავდაპირველად დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და როგორც პირველ, ასევე მეორე მეოთხედში გაიმარჯვეს. თუმცა, დიდი შესვენების შემდეგ, კანარის კუნძულების გუნდმა ინიციატივა ხელში აიღო და დამსახურებულად გაიმარჯვა.
მასპინძლების შემადგენლობაში ბექა ბურჯანაძემ 20 წუთი ითამაშა და 4 ქულასთან ერთად, 4 მოხსნა დააგროვა. მან სამიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ორიდან ვერც ერთი საჯარიმო ვერ გამოიყენა და პერიმეტრიდან მისი ორივე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
რაც შეეხება შერმადინს, მან სტუმართა რიგებში პარკეტზე 16 წუთი დაჰყო და ამ დროში 7 ქულა დააგროვა. მან ექვსიდან სამი ორქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა.
შვიდი ტურის შემდეგ ესპანეთის 18-გუნდიან ჩემპიონატში „ლა ლაგუნა ტენერიფე“ მესამე, ხოლო „ლეიმა“ მეთხუთმეტე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბურჯანაძე და მისი თანაგუნდელები სტუმრად „გრანადასთან“ გამართავენ, ხოლო კანარის კუნძულების კლუბი „მანრესას“ უმასპინძლებს.