5-წლიანი პაუზის შემდეგ - ქართველი სამბისტი მსოფლიოს ჩემპიონია
ყაზახეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველი სამბისტებისთვის წარმატებული გამოდგა. პლანეტის პირველობაზე საქართველოს დელეგაციის წევრებმა ექვსი მედალი მოიპოვეს. რაც ყველაზე მთავარია, 5-წლიანი წარუმატებელი სერია დაასრულეს და 2019 წლის შემდეგ პირველად, მამაკაცებს შორის ქართველი სამბისტი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ამის გაკეთება ჯაბა თურქიამ მოახერხა, რომელიც 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
ერთი ნაბიჯი დააკლდა ოქროს მედლამდე ბოლო წლების ყველაზე ტიტულოვან ქართველ სამბისტს ვახტანგ ჩიდრაშვილს, რომელიც 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. ბრინჯაოს პრიზიორები მიხეილ ნოზაძე (88 კგ), დავით ლორიაშვილი (98 კგ), გიორგი ქავთარაძე (+98 კგ) და რამინ ყიფშიძე გახდნენ, რომელიც პარასამბოში ასპარეზობდა.
მსოფლიოს პირველობაზე 82 ქვეყნის სამბისტები მონაწილეობდნენ, ტურნირის პარალელურად კი, სამბოს საერთაშორისო ფედერაციის 2024 წლის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, სადაც რამდენიმე ახალი წევრი მიიღეს, საფრანგეთის სამბოს ფედერაციას კი კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.