იურიჩი გაუშვეს - რომა მწვრთნელის გარეშეა
იტალიის სერია A-ს XII ტურში, „ბოლონიასთან“ (2:3) განცდილი საშინაო მარცხის შემდეგ, „რომას“ ხელმძღვანელებმა მთავარ მწვრთნელს ივან იურიჩს პოსტი დაატოვებინეს. კლუბის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ხორვატმა სპეციალისტმა „ჯალოროსო“ საკმაოდ რთულ დროს ჩაიბარა და მაქსიმალური გააკეთა, თუმცა ეს ყველაფერი სათანადო შედეგების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა.
იურიჩმა დედაქალაქის გუნდი 18 სექტემბერს ჩაიბარა და მას შემდეგ მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 12 მატჩიდან „მგლებმა“ მხოლოდ 4 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 5-ში დამარცხდნენ, რის შედეგადაც სატურნირო ცხრილში მეთორმეტე პოზიციაზე არიან და ლიდერ „ნაპოლის„ უკვე 13 ქულით ჩამორჩებიან.
„რომას“ დამრიგებლის პოზიციაზე დანიშვნის მთავარ კანდიდატად რობერტო მანჩინის ასახელებენ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ საუდის არაბეთის ნაკრებიდან წამოსვლის შემდეგ უმუშევარია. თუ ეს ვარიანტი არ გამოვიდა, მაშინ უკვე კლაუდიო რანიერისთან დაიწყება მოლაპარაკება. ეს უკანასკნელი „ჯალოროსოს“ ორჯერ, 2009-2011 და 2019 წლებში უკვე ამზადებდა და ჯამში მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 96 მატჩიდან რომაელებმა 53 მოიგეს, 24 ფრედ დაასრულეს და 23 წააგეს.