ფინელებთან მატჩისთვის - კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა მიმდინარე თვეში გასამართი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული გუნდი ფინელებს 21 ნოემბერს სტუმრად შეხვდება, სამ დღეში, 24 ნოემბერს კი თბილისში უმასპინძლებს.
მთავარი სიახლე „ბასკონიას“ ამერიკელი ლეგიონერის კამარ ბოლდუინის გამოჩენაა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა რამდენიმე დღის წინ მიიღო და ჯიკიჩი მასსა და ჯო ტომასონს შორის არჩევანს უახლოეს დღეებში გააკეთებს. გუნდს უბრუნდება გიორგი შერმადინი, რომელმაც ნეკნის ტრავმის გამო გასულ ზაფხულს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გამოტოვა.
უკვე ყველასათვის კარგად ცნობილი მიზეზების გამო ნაკრებს ვერ დაეხმარებიან NBA-ში მოთამაშე ქართველი კალათბურთელები, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. საერთო ჯამში გაფართოებულ განაცხადში მყოფი 21 მოთამაშიდან ცხრა ლეგიონერია, თორმეტი კი საქართველოს ჩემპიონატში გამოდის.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი ორი ტურის მატჩი საქართველოს ნაკრებმა თებერვალში გამართა და ჯერ დანიასთან სტუმრად (69:75), ხოლო შემდეგ სერბეთთან (63:76) თბილისში წააგო.