ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

32-ე წუთზე შეცვალეს | აზაროვი შესაძლოა, 21-წლამდე ნაკრებს ვერ დაეხმაროს

უკრაინის პრემიერ ლიგის მე-13 ტურში, დონეცკის „შახტარი“ საკუთარ მოედანზე ლუგანსკის „ზორიას“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

2-მატჩიანი პაუზის შემდეგ, დონეცკელთა ქართველი მცველი, ირაკლი აზაროვი სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა, თუმცა, სამწუხაროდ, დაბრუნება წარუმატებელი აღმოჩნდა.

აზაროვმა 32-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. საგულისხმოა, რომ ქართველმა მცველმა მოედნის დატოვება თავისით ვერ შეძლო და ამაში მას „შახტარის“ სამედიცინო შტაბის წევრები დაეხმარნენ.

ირაკლი აზაროვი სანაკრებო პაუზაზე 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში არის გამოძახებული და მისი გუნდში ყოფნა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი გადამწყვეტი შეხვედრა ელით. რამაზ სვანაძის გუნდი 15 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებს შეხვდება, გუნდებს შორის საპასუხო მატჩი კი 19 ნოემბერს, ხორვატიის ქალაქ რიეკაში გაიმართება. ორმატჩიან დუელში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

უკრაინულ მედიაში აზაროვის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ცნობები არ ვრცელდბა. როგორც იწერება, ქართველ ფეხბურთელს უახლოეს საათებში დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია ამის შემდეგ გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები