შენგელიას ეფექტური გოლი - ოფიმ ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა
საბერძნეთის სუპერლიგის მე-11 ტურში ლევან შენგელიას „ოფი“ საკუთარ მოედანზე „ათენ კალითეას“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
ქართველი შემტევი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთამდე ითამაშა. შენგელიამ თავი გოლით გამოიჩინა და „ოფის“ შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.
საგულისხმოა, რომ „ოფი“ ორბურთიანი სხვაობით იგებდა, თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. მასპინძლებმა ანგარიში მე-14 წუთზე, სალჩედოს პენალტით გახსნეს, 29-ე წუთზე კი ლევან შენგელიამ ბრწყინვალე რეიდისა და შორეული გასროლის შემდეგ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.
შეიძლება ითქვას, რომ „ოფიმ“ მეორე ნახევარი თავიდან-ბოლომდე ჩააგდო და ღირებული ვერაფერი შექმნა. დაცვაში კი ორი მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რაც ორ გაშვებულ გოლად დაუჯდა. სტუმრებმა 57-ე წუთზე ლოუკინასის გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, 77-ე წუთზე კი კაინოურგიოსმა ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.
რაც შეეხება ლევან შენგელიას, ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში „ოფის“ მაისურით მესამე გოლი გაიტანა, საბერძნეთის სუპერლიგაში კი ეს მეორე გოლი იყო, ერთხელ კი თავი საბერძნეთის თასზეც გამოიჩინა. ამის გარდა, შენგელიას 4 საგოლე გადაცემაც აქვს შესრულებული.
11 ტურის შემდეგ „ოფი“ სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 23 ნოემბერს სტუმრად „ლამიასთან“ გამართავს.