წაგება ჯგუფის ფავორიტთან -საქართველო ისლანდიასთან დამარცხდა
„თბილისი არენას“ დარბაზში ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის II ტურში საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისლანდიელებს უმასპინძლა და კონტინენტის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან 5-ბურთიანი სხვაობით, 25:30 დამარცხდა. მასპინძლები პირველ ნახევარში უკეთ გამოიყურებოდნენ და შესვენებაზე მხოლოდ ერთქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ, შესვენების შემდეგ კი სტუმრებმა გაცილებით უკეთ იასპარეზეს და შესარჩევ ციკლში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს.
მასპინძლების შემადგენლობაში საუკეთესო გიორგი დიხამინჯია იყო - „აზოტი პულავისა“ და საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა მეტოქე გუნდის კარში 9 ბურთი გაიტანა. გიორგი ცხოვრებაძემ კი, რომელიც შესვენებამდე შედარებით სუსტად გამოიყურებოდა, მეორე ტაიმში თამაშის ხარისხი გამოსწორა და შეხვედრა 5 გოლით დაასრულა.
არსებული ფორმატის თანახმად, რვა საკვალიფიკაციო ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრების გარდა, ფინალური ეტაპის საგზურს, რომელსაც სამი ქვეყანა, დანია, ნორვეგია და შვედეთი უმასპინძლებს, ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე მესამე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს.
ორი ტურის შემდეგ ორი მარცხით საქართველოს ნაკრები უქულოდ არის. შესარჩევი ეტაპის მომდევნო ფანჯარა უკვე 2025 წლის მარტში იქნება, როდესაც ქართველი ხელბურთელები ბოსნიელებს ჯერ შინ, შემდეგ კი გასვლაზე შეხვდებიან.