პენალტი მეორედ ვერ გაიტანა | სარაევოს მწვრთნელმა გულიაშვილზე ისაუბრა
ბოსნიის ჩემპიონატის მე-13 ტურში „სარაევომ’’ შინ „სლოგა მერიდიანს’’ 2:0 მოუგო. 1:0-ზე „სარაევოს’’ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი გულიაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა, ბურთი კარს ააცილა.
მატჩის შემდეგ „სარაევოს’’ მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა განაცხადა, რომ პენალტის შემსრულებელი არ შეიცვლება და ამ ფუნქციას კვლავ გულიაშვილი შეასრულებს.
მიუხედავად იმისა, რომ გულიაშვილი ბრწყინვალე ფორმაშია, ამ სეზონში პენალტი მეორედ ვერ გაიტანა, პირველად ბოსნიის თასზე - „სლობოდა ნოვი გრადთან’’.
ჟურნალისტის კითხვა ზეკიჩს: „მიმდინარე სეზონში გულიაშვილმა პენალტი მეორედ ვერ გაიტანა. პენალტის შემსრულებლის შეცვლას ხომ არ აპირებთ?''
ზეკიჩის პასუხი: „სრულიად არა. პენალტის შემსრულებელი კვლავ გულიაშვილი იქნება. ამ მხრივ ცვლილებას არ ვაპირებთ. ის პატიოსნად შრომობს და პენალტისთვის იბრძოლა. მანამდეც გაიტანა და მომავალშიც შეაგდებს’’.
ბოსნიის ჩემპიონატში 23 წლის ფორვარდის აქტივში 13 მატჩში 10 გოლი და 4 საგოლე პასია. 10-დან 2 გოლი პენალტის ნიშნულიდან შეაგდო. ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა, უშუალო კონკურენტს 2 გოლით უსწრებს. ასევე, ზაფხულში გულიაშვილმა ევროტურნირების 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა „აქტობესთან'' ულამაზესი დარტყმით.