ლოჩოშვილი გაძევებას არ იმსახურებდა | მსაჯის აშკარა შეცდომა
სერია B-ს მე-13 ტურში „მანტოვამ’’ შინ „კრემონეზეს’’ 1:0 მოუგო. 9-მატჩიანი პაუზის შემდეგ ლოჩოშვილმა სერია B-ს შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო, თუმცა მატჩის მიწურული წარუმატებელი გამოვიდა. პირველი ყვითელი ბარათი 90-ე წუთზე მიიღო, მეორე ყვითელი - მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე.
სერია B-ს ოფიციალურ არხზე დადებულ მიმოხილვაში კარგად ჩანს, რომ პირველი ყვითელი ბარათის მომენტში ლოჩოშვილი მეტოქის ფეხბურთელს არ ეხება, ხოლო მეორე ეპიზოდში თამაშის წესის აშკარა დარღვევა იყო და ქართველმა მცველმა ყვითელი ბარათი დამსახურებულად მიიღო. მთავარი მსაჯი დანიელე პერენზონი პირველ ეპიზოდში აშკარად შეცდა, რამაც ლუკას გაძევებაზე გავლენა მოახდინა.
ლოჩოშვილმა სერია B-ს მიმდინარე სეზონში სასტარტოში მხოლოდ ორჯერ ითამაშა და ორივე მატჩში მოედნიდან გააძევეს, რამდენიმე შეხვედრა დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვა, თუმცა მთავარი პრობლემა უნდობლობა იყო, მთავარი მწვრთნელი ჯოვანი სტროპა არ ენდობოდა, სტროპა მოსხნეს და ეუჯენიო კორინი დაინიშნა, რომელიც ლუკას „მანტოვასთან’’ ენდო, თუმცა ლუკასთვის თამაში კარგად არ დასრულდა, მიზეზი მსაჯის შეცდომაა. მსაჯის ძალიან უხეში შეცდომიდან გამომდინარე ფეხბურთელის გაკრიტიკების საფუძველი არ გვაქვს.
„კრემონეზემ'' 13 ტურში 18 ქულა დააგროვა და ამ მომენტში მე-5 ადგილზეა, მომდევნო ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს'' მიიღებს (24 ნოემბერი). სამწუხაროდ, ლუკა ამ თამაშს გამოტოვებს.