გრანადამ მოიგო, წიტაიშვილმა ძირითადში ითამაშა
ლა ლიგა 2-ის მე-14 ტურში „გრანადა“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი წიტაიშვილი იცავს, საკუთარ კედლებში „ელდენსეს“ დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, 3:2 გაიმარჯვა.
ანგარიში მე-17 წუთზე 11-მეტრიანის ზუსტი შესრულებით მირტო უზუნიმ გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი წიტაიშვილმა საკუთარ საჯარიმოში ეფექტური ვარდნა შეასრულა და „გრანადას“ კონტრშეტევა დააწყებინა, რომელიც მასპინძელთა მეორე გოლით დასრულდა - თავი ლუკას ბოიემ გამოიჩინა.
მეორე ტაიმში ინიციატივა სტუმართა მხარეს გადავიდა და მათ წონასწორობის აღდგენა შეძლეს: 49-ე წუთზე ივან ჩაპელამ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, 53-ზე კი ხუანტო ორტუნიომ „გრანადას“ მეორე გოლი გაუტანა. თუმცა 90-ე წუთზე მირტო უზუნიმ დუბლი შეასრულა და ფრან ესკრიბას გუნდს 3 ქულა მოუტანა.
რაც შეეხება წიტაიშვილს - მან 76 წუთი ითამაშა და Sofascore-ისგან 6,6-იანი შეფასება მიიღო. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: დრიბლინგის 3 წარუმატებელი მცდელობა, ბურთთან 36 შეხება, 16-დან 12 ზუსტად შესრულებული პასი (75%), 1 საკვანძო პასი, 4 წარუმატებელი ჩაწოდება, 1 ჩაჭრა, 4 ართმევა, 9-დან 4 პოზიციური დუელის მოგება, 2-დან ერთი საჰაერო ორთაბრძოლის მოგება და 12 დაკარგული ბურთი. წიტაიშვილმა ერთხელ დაარღვია წესები და ყვითელი ბარათიც მიიღო.
წიტაიშვილის საუკეთესო მომენტები:
14 მატჩის შემდეგ „გრანადა“ 22 ქულით ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზე იმყოფება და მომდევნო მატჩს 17 ოქტომბერს ხიხონის „სპორტინგის“ წინააღმდეგ გამართავს, წიტაიშვილი კი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.