შეტევაში არაფერი შეუქმნია - კიტეიშვილი კაპიტანი იყო და შტურმმა მოიგო
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-13 ტურში „ჰარტბერგი’’ შინ გრაცის „შტურმთან’’ 1:2 დამარცხდა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, კაპიტანი იყო.
ამ სეზონში შეტევაში ძალიან პროდუქტიულია, ისევე როგორც გასულ სეზონში, მაგრამ დღეს შეტევაში არაფერი შეუქმნია. მის აქტივში საკვანძო პასი ან კარისკენ დარტყმის მცდელობა არაა. დრიბლინგის 1 მცდელობა ჰქონდა, თუმცა წარუმატებელი იყო. უფრო მეტად შავ სამუშაოზე კონცენტრირდა, მინდორზე 7-დან 2 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე 1 დუელი ჰქონდა და მისი გამარჯვებით დასრულდა.
74-დან 60 პასი ზუსტად შეასრულა, 3 გრძელი გადაცემიდან ზუსტი 1 იყო.
ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „შტურმს'' 8 შეხვედრაში უკაპიტნა.
მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის სამ და ავსტრიის თასის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
2018 წლიდან კიტეიშვილი „შტურმის'' ფეხბურთელია, ყველა ტურნირის ჩათვლით ავსტრიულ კლუბში 202 მატჩი ჩაატარა, 46 გოლი შეაგდო და 35 საგოლე პასი შეასრულა. კლუბთან ახალი კონტრაქტი გასულ ზაფხულში გააფორმა, 2026 წლის 30 ივნისამდე.