გულშემატკივრები რამოსის დაბრუნებას ითხოვენ - პერესი ჯერჯერობით წინააღმდეგია
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა ოსასუნას უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. გამარჯვება სასიხარულოა, მაგრამ მადრიდული გრანდის მდგომარეობა ტრავმების მხრივ კიდევ უფრო მეტად დამძიმდა.
ტრავმები მიიღეს ლუკას ვასკესმა, როდრიგომ და ედერ მილიტაომ, თუმცა ამ უკანასკნელის დაზიანება საგანგაშოა. გამოკვლევები ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა არსებობს შანსი, რომ ბრაზილიელმა უკანახაზელმა დარჩენილი სეზონი გამოტოვოს. როდრიგოს და ვასკესის სიტუაცია შედარებით მარტივია.
ამ ყველაფრის ფონზე, მადრიდული გამოცემა Defensacentral იუწყება, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრები აქტიურად ითხოვდნენ სერხიო რამოსის დაბრუნებას, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია.
მიუხედავად ამისა, აღნიშნული წყარო წერს, რომ ფლორენტინო პერესს საპირისო მოსაზრება აქვს. რეალის პრეზიდენტი თვლის, რომ რამოსსა და სამეფო კლუბს შორის ყველაფერი დასრულდება და მისი დაბრუნება არ განიხილება.
ფაქტი კი ჯიუტია. სამეფო კლუბს დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს. დავიდ ალაბა გასული სეზონიდან მოყოლებული ლაზარეთშია, ხოლო მიმდინარე სეზონში კარვახალი დაიმტვრა, რომლის დაბრუნება 1 წელი არ იგეგმება.
ანჩელოტი ხესუს ვალეხოს არანაირ ნდობას არ უცხადებს. მილიტაოს ტრავმის შემდეგ კი, თუ ვალეხოს გამოვაკლებთ, მადრიდულ გრანდს 1 ჯანმრთელი ცენტრალური მცველი ანტონიო რუდიგერი რჩება.
ასევე ტრავმირებულია და 1 თვე ვერ ითამაშებს ჩუამენი, რომელსაც ანჩელოტი გასულ სეზონში ცენტრალური მცველის პოზიციაზე იყენებდა. ერთი რამ ფაქტია - ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, რეალს აქტიურობა მოუწევს.