დარჩენა, ან ბრაზილია - პეპის ვარიანტები
„მანჩესტერ სიტის“ აშკარად ცუდი პერიოდი უდგას - „ტოტენჰემთან“ (1:2), „ბორნმუთთან“ (1:2) და „სპორტინგთან“ (1:4) განცდილმა მარცხებმა კლუბი საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდო. მართალია სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით არც ინგლისის პრემიერ ლიგაში და არც ჩემპიონთა ლიგაში საგანგაშო არაფერი ხდება, თუმცა ასეთი ცუდი თამაში „ქალაქელებისგან“ მართლაც დიდი მოულოდნელობა გახლდათ.
ყოველივე ამის ფონზე, ავტორიტეტული გამოცემა The Athletic „სიტის“ 53 წლის კატალონიელ დამრიგებელთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს. არსებობს ვარაუდი, რომ გუარდიოლა ინგლისში კიდევ ერთი წლით დარჩება, რის შემდეგაც ბრაზილიაში ჩავა, ადგილობრივ საფეხბურთო კონფედერაციასთან ხელშეკრულებას გააფორმებს და ამ ქვეყნის ნაკრებს 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოამზადებს.
თუმცა, ასევე არის მეორე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც პეპი ფინანსური ფეარ-პლეის 115 წესის დარღვევასთან დაკავშირებული საქმის ვერდიქტის გამოტანამდე, რომელიც წესით 2025 წლის მარტში უნდა იყოს, არსად არ წავა. პირიქით, უახლოეს მომავალში „ქალაქელების“ ხელმძღვანელებს შეხვდება და თანამშრომლობას განაგრძობს, რადგან თვლის, რომ ასეთ დროს კლუბის მიტოვება მისი მხრიდან მორალურად სწორი საქციელი არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის სადისციპლინო კომისია „მანჩესტერ სიტის“ 2009 წლიდან 2018 წლამდე ფინანსური ფეარ პლეის 115 წესის დარღვევას ედავება და თუ გუნდის ბრალეულობა დამტკიცდა, მანჩესტერელებს შესაძლოა სატურნირო ცხრილში ქულები დააკლონ, ან საქმე კიდევ უფრო სერიოზულ სასჯელამდე მივიდეს.