თბილისში ჩამოსვლამდე - ოლიჩი მიუნხენში დაპატიჟეს
15 და 19 ნოემბერს საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის მატჩებს გამართავს და ქართველი ფეხბურთელების მეტოქე ხორვატიის ასაკობრივი გუნდი იქნება, რომელსაც სათავეში წარსულში ცნობილი ფორვარდი ივიცა ოლიჩი უდგას.
სანამ საწვრთნელ პროცესს დაიწყებდა, ოლიჩი ჟურნალისტებმა მიუნხენის ცენტრში მდებარე ცნობილ რესტორან Moosacher Paradies-ში შენიშნეს, სადაც ის იოსიპ შიმუნიჩთან ერთად იმყოფებოდა. როგორც რესტორნის მილიარდერმა ბოსნიელმა მფლობელმა ასმირ ასკო ჰუსეიძიჩმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს, ის წლებია მიუნხენში ცხოვრობს, მისი რესტორნის ხშირი სტუმარია და ახლა სამწვრთნელო შტაბის წევრებთან ერთად, საქართველოს 21-წლამდე გუნდთან გასამართი მატჩების თაობაზე გეგმებს აწყობდა.
როგორც ცნობილია, ჰუსეიძიჩი ფეხბურთზე უფრო მეტად, ჩოგბურთის მოყვარულია და მისი ინიციატივით მოყვარულ ჩოგბურთელებს შორის მიუნხენში ტურნირები ყოველწლიურად ტარდება. ამჯერადაც გეგმავდა ღონისძიების ორგანიზებას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ოლიჩს, რომელიც ამ შეჯიბრების მუდმივი მონაწილეა, წინ მნიშვნელოვანი თამაშები ელის, მისი აზრი გაითვალისწინეს და საჩოგბურთო ტურნირი რამდენიმე კვირით გადადეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-ხორვატიის პირველი მატჩი 15 ნოემბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო საპასუხო შეხვედრა ქალაქ რიეკაში 19 ნოემბერს, თბილისის დროით სტარტს 22:00 საათზე აიღებს.