კანავარო: „ნაპოლის“ მეტი შანსი აქვს
იტალიის სერია A-ს XII ტურის ცენტრალური შეხვედრა ხვალ, „ჯუზეპე მეაცაზე“ შედგება, სადაც გათამაშების ლიდერი „ნაპოლი“ „ინტერთან“ სათამაშოდ ჩავა. სატურნირო ცხრილში ვითარება ასეთია - პირველ პოზიციაზე მყოფი პარტენოპეი ნერიაძურის ქულით უსწრებს და წაგების შემთხვევაში ლიდერობას დაკარგავს.
მომავალი პრინციპული დაპირისპირების შესახებ ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ Corriere Della Sera-მ ინტერვიუ ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელსა და 2006 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელ ფაბიო კანავაროს ჩამოართვა, რომელსაც თავის დროზე როგორც „ინტერში“, ასევე „ნაპოლიში“ უთამაშია.
რას ამბობს კანავარო
რომელი ყოფილი გუნდის მაისურით ვითამაშებდი ამ შეხვედრაში? ალბათ უფრო „ნაპოლის“, რადგან ლაუტარო მარტინესი საოცარი ტაქტიკური ინტელექტით დაჯილდოებული ფორვარდია და საინტერესოა, მის შეჩერებას რამდენად შევძლებდი.
რაც შეეხება თამაშს, უპირატესობა სტუმრების მხარეს იქნება, რადგან „ინტერისგან“ განსხვავებით, მათგან უეჭველ გამარჯვებას არავინ ითხოვს, ამიტომ ნეაპოლელები ფსიქოლოგიური წნეხისგან სრულიად თავისუფალნი იქნებიან.
აქვს თუ არა პარტენოპეის სკუდეტოს მოგების შანსი? ერთ რამეს ვიტყვი - ისეთი ავტორიტეტული და სოლიდური რეპუტაციის მქონე სპეციალისტი, როგორიც ანტონიო კონტეა არ მივიდოდა იმ გუნდში სამუშაოდ, რომელსაც უმაღლესი მიზნებისთვის საბრძოლველად სათანადო რესურსი არ გააჩნია.
კანავაროს სამწვრთნელო კარიერის მანძილზე სხვადასხვა დროს „გუანჯოუ ევერგრანდში“, „ალ-ნასრში“, „ტიანძინში“, „ბენევენტოსა“ და „უდინეზეში“ უმუშავია. ამ გუნდებმა საერთო ჯამში მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 250 მატჩიდან 134 მოიგეს, 56 ფრედ დაასრულეს და 60 წააგეს.