რეკორდსმენი პიპენები - ჯეიმსები დროებით დაივიწყეს
NBA-ს წლევანდელ სეზონში მამა-შვილის სარეკორდო მონაცემებით გულშემატკივრები განებივრებულები არიან და გუშინ ამ მხრივ კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს ჰქონდა ადგილი. თუ აქამდე ყველა „ლეიკერსში“ მოთამაშე ლებრონ და ბრონი ჯეიმსებზე საუბრობდა, გუშინ ყურადღების ცენტრში ლეგენდარული კალათბურთელის სკოტი პიპენის შვილი მოექცა.
23 წლის სკოტი პიპენ-ჯუნიორი, „მემფისის“ სასტარტო შემადგენლობაში „ვაშინგტონთან“ (128:104) მოგებულ შეხვედრაში ტრავმირებული ჯა მორანტის არყოფნაში გამოჩნდა და უმაღლეს დონეზე იასპარეზა. მან 28 წუთში 11 ქულა, 10 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, რის შემდეგაც ის და მისი ლეგენდარული მშობელი გახდნენ პირველი მამა-შვილი, რომელთაც კარიერის მანძილზე სამმაგი დუბლი აქვთ შესრულებული.
უმცროსი პიპენი „გრიზლის“ გასულ ზაფხულს შეუერთდა, იქამდე კი განვითარების ლიგაში გამოდიოდა. რაც შეეხება ლეგენდარულ მამამისს, სკოტიმ NBA 6-ჯერ მოიგო, 7-ჯერ კი ყველა ვარსკვლავის მატჩში ითამაშა. კარიერის მანძილზე მან ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საერთო ჯამში 18 940 ქულა, 7 494 მოხსნა და 6 135 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.