საუკუნის კონტრაქტი Nike-თან - ბარსა რეკორდულ შემოსავალს მიიღებს
ესპანური Mundo Deportivo და RAC1-ი იტყობინება, რომ პარასკევს გაიმართა „ბარსელონას“ დირექტორთა საბჭოს სხდომა, რომელზეც მისმა წევრებმა ხმა მისცეს Nike-თან ზეპირი ფორმით არსებული შეთანხმების რატიფიცირებას. ხანგრძლივი მოლაპარაკებები დასრულებულია და კატალონიური კლუბი მალე ამერიკულ კომპანიასთან საუკუნის კონტრაქტის დადებას გამოაცხადებს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბლაუგრანა“ Nike-თან 10 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელმოწერის ბონუსის სახით 158 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან დეტალებს, ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2024 წლის ბოლოს უსრულდებოდა, ის 10 წლით გახანგრძლივდება და კლუბი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად გაზრდილ თანხას მიიღებს. „ბარსა“ ყოველ სეზონში დაახლოებით 120-127 მილიონ ევროს მიიღებს, რაც მსგავს ხელშეკრულებებს შორის რეკორდული მაჩვენებელია.
ჯამში კატალონიური კლუბი ამ ხელშეკრულებიდან 1,7 მილიარდ ევროზე მეტის მიღებას ვარაუდობს.
ამ ახალი ამბის გამოცხადება „ბარსელონას“ ყველანაირ ფინანსურ პრობლემას უგვარებს. კლუბი იანვარში უპრობლემოდ დაარეგისტრირებს დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორს. არანაირი საფრთხე აღარ იქნება არც ანდრეას კრისტენსენისა და რონალდ არაუხოს შემთხვევებშიც. გარდა ამისა, „ბარსას“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის შესაძლებლობაც საგრძნობლად გაეზრდება.
2025 წლისთვის კლუბი განახლებული „კამპ ნოუს“ გახსნასაც გეგმავს, რაც მათ შემოსავალს კიდევ უფრო გაზრდის. გარდა ამისა, „ბარსელონას“ Libero-ს ფონდისგან 60 მილიონი ევრო აქვს მისაღები და ეს თანხა მათ ჯერად არ მიუღიათ და მომდევნო წლისთვის ამის მოლოდინიც აქვთ.