რამდენი ქულით აჯობა როდრიმ ვინის - გამოკითხვის დეტალები
16-წლიანი პაუზის შემდეგ, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი პირველად გახდა. როდრის აღიარებამ საფეხბურთო სამყაროში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რასაც „რეალის“ დემარშიც თან დაერთო და ვინისიუსის დამარცხებით უკმაყოფილო მადრიდული კლუბის ხელმძღვანელებმა პარიზში გამართულ გალა-დაჯილდოებაზე არც ერთი წარმომადგენელი არ გაუშვეს.
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L’equipe-მა გამოკითხვის შედეგები გაასაჯაროვა და აღმოჩნდა, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა 1170 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ ვინისიუს ჟუნიორს (1129) 41 ქულით აჯობა. არსებული ფორმატის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით ფიფასა და უეფას წევრი ქვეყნებიდან აკრედიტირებული სპორტული გამოცემების ჟურნალისტების გამოკითხვა ჩატარდა - თითოეულმა საუკეთესო სამეული დაასახელა და პირველ ადგილზე დაყენებული ფეხბურთელი 15, მეორეზე -12, ხოლო მესამეზე - 10 ქულით ფასდებოდა.
როდრი ალფრედო დი სტეფანოსა და ლუის სუარესის შემდეგ მესამე ესპანელია, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო. ის გასულ წელს „სიტის“ შემადგენლობაში ინგლისის პრემიერ ლიგის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისა და ევროპის სუპერთასის გამარჯვებული გახდა, ხოლო ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.