გოგლიჩიძე ტრავმის გამო შეცვალეს | ემპოლიმ გოლი მისი გასვლის შემდეგ გაუშვა
იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში, საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ „ლეჩეს“ დაუპირისპირდა. „აძური“ პიეტრო პელეგრის გოლით იგებდა, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. „ლეჩემ“ სანტიაგო პიეროტის დარტყმით გაათანაბრა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
გოგლიჩიძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და სოლიდურად გამოიყურებოდა. საბას სივრციდან მასპინძლებს მომენტი არ შეუქმნიათ, მაგრამ 61-ე წუთზე, ქართველ ფეხბურთელს მოედნის დატოვება მოუწია. გოგლიჩიძემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე მატია დე შილიო შევიდა. „ემპოლიმ“ გოლი სწორედ გოგლიჩიძის გასვლის შემდეგ გაუშვა.
საბას დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია. მოედნიდან გასვლისას, იგი ბარძაყის ოთხთავა კუნთზე იკიდებდა ხელს და იმედი ვიქონიოთ, რომ სერიოზული არაფერია. 61 წუთში, გოგლიჩიძემ 22-დან 19 ზუსტი გადაცემა გააკეთა, ბურთს 33-ჯერ შეეხო, 6-დან 4 ორთაბრძოლა მოიგო და თითო-თითო დაბლოკილი დარტყმა, ვარდნა და ჩაჭრა ჰქონდა.
ცნობისთვის, 12 ტურის შემდეგ, „ემპოლის“ 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციას იკავებს. „აძური“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ გამართავს და 25 ნოემბერს „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.