გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

ფროზინონეს ზედიზედ მე-4 ფრე - კვერნაძის 81 წუთი

„პალერმოსთან“ შეხვედრას „ფროზინონე“ 3-მატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდა და მართალია სამივეში ფრედ ითამაშა, თუმცა გათამაშების აუტსაიდერისგან, რომელმაც წლევანდელი სეზონი საშინლად დაიწყო, ესეც დიდი მიღწევა გახლდათ. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ გუნდს ბოლო 270 წუთში ერთადერთი გოლი გიორგი კვერნაძის აქტიურობის შედეგად ჰქონდა გატანილი, რომელმაც 30 ოქტომბერს „სუდტიროლთან“ საგოლე პასი შეასრულა.

დღეს, სიცილიელებთან გამართული დაძაბული მატჩი კი, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, საბოლოოდ 1:1 დასრულდა და „ფროზინონემ“ ზედიზედ მეოთხე ფრე ითამაშა.

21 წლის ქართველი ვინგერი მთავარმა მწვრთნელმა ლეანდრო გრეკომ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეოთხედ დააყენა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ნახევარში გიორგი ძალიან ინერტული იყო და სიტუაციის გამწვავება მხოლოდ ერთხელ სცადა, თუმცა მისი კარში დარტყმის მცდელობა მცდელობადვე დარჩა და მცველმა დაუფარა.

რაც შეეხება თამაშს, სტუმრები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ - მე-2 წუთზე რობერტო ინსინიეს დარტყმა გზად „ფროზინონეს“ მცველს მოხვდა, თუმცა ბურთი მაინც მას ჩაეთვალა. მასპინძლებმა წონასწორობა ზუსტად 14 წუთში აღადგინეს - სტანდარტიდან რიკარდო მარკიზას ჩაწოდებას მძლავრი თავური დარტყმით ახალგაზრდა მცველი გაბრიელე ბრაკალია გამოეხმაურა - 1:1.

ყველაზე რეალური მომენტი კვერნაძეს მეორე ტაიმში შეექმნა, მაგრამ საჯარიმოს გარედან მისი გასროლა სტუმართა კარს ასცდა. საერთო ჯამში „ფროზინონეს“ ქართველი შემტევი შეუმჩნეველი იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. გიორგიმ კარში დარტყმა სამჯერ სცადა, ორჯერ დაუფარეს, ერთხელ კი არაზუსტი იყო, მის წინააღმდეგ ერთხელ იუხეშეს და ერთხელაც თავად დაჯარიმდა.

მომდევნო შეხვედრას კვერნაძე და მისი თანაგუნდელები 24 ნოემბერს, სტუმრად „კრემონეზესთან“ გამართავენ, რომლის ღირსებასაც ლუკა ლოჩოშვილი იცავს. იქამდე კი „ფროზინონეს“ ქართველი ლეგიონერი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს შეუერთდება და ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის მატჩებში ხორვატიის ასაკობრივ გუნდთან ორმატჩიან დუელში დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მომენტების რეალიზება უნდა ისწავლოს“ - ფროზინონეს მწვრთნელი კვერნაძეზე
„მომენტების რეალიზება უნდა ისწავლოს“ - ფროზინონეს მწვრთნელი კვერნაძეზე